15 წელი ერაყის ომის დაწყებიდან

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა ერაყში შესვლა გადაწყვიტა და მიზნად სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა დაისახა.

„ამ წუთებში ამერიკელი და მოკავშირეების ძალები ერაყელი ხალხის განმანთავისუფლებელ სამხედრო ოპერაციას ატარებენ და ამით მსოფლიოს საფრთხისგან იცავენ“ - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ბუშმა მაშინ ამერიკელ ხალხს.

ამ სამხედრო ოპერაციას ბევრი არ ეთანხმებოდა. სპარსეთის ყურეში პირველი შეჭრისგან განსხვავებით მას მხარს არ უჭერდა გაერო.

ამერიკის ყოფილი ელჩი ერაყში ჯეიმს ჯეფრი ამბობს, რომ რეგიონში ბუშის და ობამას ადმინისტრაციებმა ფუნდამენტრურად ვერაფერი შეცვალეს.

„წარუმატებელი იყო ბუშის მცდელობა ახლო აღმოსავლეთი დემოკრატიად სამხედრო მეთოდებით ექცია. წარმატებას ვერც ბარაკ ობამამ მიაღწია, რომელმაც ახლო აღმოსავლეთიდან ნელ-ნელა უკან დაიხია და ირანელებთან თუ ისლამური სამყაროს სხვა ლიდერებთან დაახლოება სცადა", ამბობს ჯეფრი.

ამერიკამ ომი დასრულებულად 2011 წელს გამოაცხადა. მაგრამ ამით ერაყისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსა" და კოალიციას შორის ომში გადაიზარდა.

ჯეფრი ამ ომის მიღწევებზე საუბრობს

„ერაყი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ბევრს ამის არ სჯეროდა, მაგრამ მან მთლიანობა შეინარჩუნა. მას აქვს კონსტიტუცია. ამას წინათ პრეზიდენტმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა, რადგან ის კონსტიტუციის ნორმებს არღვევდა. ეს ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში არ ხდება. ერაყს ჰყავს უსაფრთხოების ძალები და მან გაზარდა თავდაცვისუნარიანობა. ამერიკის მხარდამჭერით ის გაძლიერდა და ისლამური სახელმწიფო დაამარცხა“.

თუმცა ქვეყანა ჯერ ისევ გამოწვევბის წინაშე დგას. ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის მკვლევარი ილაი აბუონი მიიჩნევს, რომ 2003 წელს დაწყებულმა ძალადობამ, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„იდეალურ გარემოში ომის შემდეგ უნდა გვენახა ერაყში მცხოვრებ თემებს შორის მყარი ნდობა. ამის ნაცვლად 2003 წელს მომხდარმა ძალადობამ უფრო გაზარდა მათ შორის არსებული უფსკრული. ძალადობა დიდხანს გაგრძელდა, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.“

ერაყის ომის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ, ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 4500-ს აღემატება, დაიღუპა ერაყის ათობით ათასი მოქალაქე.