ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის გადაწყვეტილება შეაჩერა

კალიფორნიის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ რიჩარდ სიბორგმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაბლოკა. თეთრი სახლის იანვრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ამერიკელი იმიგრანტები, რომლებმაც შეერთებულ შტატებს თავშესაფრისთვის მიმართეს, მათი პეტიციის განხილვის განმავლობაში, მექსიკაში უნდა დარჩნენ, ან თუ უკვე შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არიან, უკან უნდა გაბრუნდნენ.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საკმარისად არ იცავს მიგრანტებს "მათი სიცოცხლის და თავისუფლებისთვის შექმნილი რისკებისგან" მექსიკაში, ნათქვამია სასამართლოს განაჩენში. ის ძალაში კვირის ბოლოს, პარასკევს შევა. თეთრი სახლის ადმინისტრაციას მისი გასაჩივრებისთვის რამდენიმე დღე აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვართან იმიგრანტების ნაკადი ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. შექმნილი ვითარების გამო თანამდებობა დატოვა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა კირსტენ ნილსენმა.