შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დღეს კოვიდ-19-ის მეორე გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი დაამტკიცა. საუბარია მხოლოდ ორი კომპანიის, "მოდერნას" ან "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინიების რიგით მე-4 დოზაზე.
მეორე ბუსტერ-დოზა ნებადართული იქნება ნებისმიერი 50 წლის და ზევით ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლისთვის და ასევე 12 წლის ზევით მოსახლეობისთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო, სუსტი იმუნიტეტი აქვს. ახალი აცრა შესაძლებელი იქნება ბოლო ვაქცინაციიდან 4 თვის გასვლის შემდეგ.
უკანასკნელ პერიოდში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გლობალურად უმეტესად ომიკრონის ქვევარიანტ BA.2-ის გავრცელების ხარჯზე ხდება. ჯანდაცვის ამერიკელი სპეციალისტების აზრით, დამატებითი გამაძლიერებელი დოზა ადამიანებს კოვიდ-19-ის მწვავე ფორმისგან და ჰოსპიტალიზაციისგან უკეთ დაიცავს.
ისრაელში კვირას გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, "ფაიზერის" მეორე ბუსტერ-დოზით აცრილ მოხუცებში, კოვიდ-19-ის სიკვდილობის მაჩვენებელი 78%-ით ნაკლებია, ვიდრე მარტო ერთი ბუსტერ-დოზით აცრილებში. 40-დღიან კვლევაში, 60-დან 100 წლამდე ასაკის, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.