გამოძიების ფედერალური ბიურო ინაუგურაციის დღის საფრთხეებს იკვლევს

დონალდ ტრამპის ზოგიერთი ექსტრემისტი მხარდამჭერის მიერ კაპიტოლიუმზე გასულ კვირას მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ვაშინგტონში ახალი თავდასხმების შესაძლებლობაზე მსჯელობენ. 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ვაშინგტონში 21 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 24 იანვრამდე მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, გეგმავენ თუ არა კონკრეტული ჯგუფები და პირები ძალადობის წაქეზებას, ან სხვაგვარი კრიმინალური ქმედებების განხორციელებას, საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემის პროცესის პარალელურად.

ასევე ნახეთ: 13 000 პოლიციელი და 10 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი - ვაშინგტონში უსაფრთხოება მკაცრდება


"ჩვენი სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დაზვერვის კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა ბიურო მხარს უჭერს შტატის, ადგილობრივ და ფედერალურ დონეზე სამართალდამცავ უწყებებს და ჩვენს პარტნიორებს ამ უწყებებიდან", - ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენი ყურადღება გამახვილებულია არა მშვიდობიანი დემონსტრანტების, არამედ მათ მიმართ, ვინც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ძალადობით და ქონების განადგურებით ემუქრება", - განმარტებულია ამავე განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ანალიზი - როგორ დამარცხდა კაპიტოლიუმის პოლიცია

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ არამარტო დედაქალაქ ვაშინგტონში, არამედ ამერიკის 50-ივე შტატში მოსალოდნელია ძალადობა და მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს.

ზოგიერთი მასალის თანახმად კი, FBI-სთვის ცნობილია, რომ 16 იანვარს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს კონკრეტული შეიარაღებული ჯგუფი. მისი წევრები ძალადობის ორგანიზებას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუკი კონგრესი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას გადაწყვეტს და კონსტიტუციის 25-ე ჩასწორებას აამოქმედებს.