ოთხშაბათს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ანომალური ინციდენტების“ საკითხს, რომელიც ჰავანის სინდრომის სახელით არის ცნობილი, უმაღლესი პრიორიტეტი აქვს და მისი მიზეზის დასადგენად და პერსონალის დაცვის გზების მოსაძებნად, გამოძიებას გააგრძელებს.
საზღვარგარეთ მყოფ დაახლოებით 200 ამერიკელ დიპლომატს, ოფიციალურ პირს და მათი ოჯახის წევრებს დაემართა იდუმალი ნერვული დაავადება, რომლის სიმპტომებიც მოიცავდა შაკიკს, ღებინებას, მეხსიერების ჩავარდნებს და თავბრუსხვევას. ამის შესახებ პირველი ცნობები 2016 წელს, კუბის დედაქალაქში მყოფ ამერიკელ ოფიციალურ პირთა შესახებ გავრცელდა.
ასევე ნახეთ: თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებზე? - "შპიგელი" ჰავანის სინდრომზე საუბრობს
თანამშრომლებმა და კანონმდებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ შეერთებული შტატების სააგენტოებმა აღნიშნული ავადმყოფობა საკმარისად სერიოზულად არ მიიღეს.
ადვოკატმა მარკ ზეიდმა, რომელიც ჰავანის სინდრომის მსხვერპლთა ინტერესებს წარმოადგენს, თქვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ისტორიულად „ნაკლებად სასარგებლო იყო, კერძოდ იმის განცხადებით, რომ მსხვერპლს ფსიქოსომატური სიმპტომები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს არც გასაუბრებიან... მაქვს ეჭვი, რომ ეს მალე შეიცვლება“.
ცოტა ხნის წინ, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბარნსმა, „ჰავანა სინდრომზე“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა საიდუმლო ჯაშუში, რომელიც ადრე მონაწილეობდა ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ძებნაში, რაც ბინ-ლადენის მოკვლით დასრულდა.
ოთხშაბათს „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ბოლო ვიზიტის დროს, ბარნსმა რუსეთის საჯაშუშო სააგენტოებს ხაზგასმით განუცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სააგენტოების მიერ ამერიკული პერსონალის და მათი ოჯახის წევრებისთვის ტვინის დაზიანების გამოწვევა „ყველა საზღვარს გასცდება“.
წყარომ აშშ-ის მთავრობაში თქვა, რომ ამჟამად, სააგენტოებს სინდრომის მიზეზზე მყარი შეხედულება არ აქვთ.