დღეს შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია, ამერიკელები აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის (უმცროსი) დაბადების დღეს. ამერიკელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა, დაახლოებით 50 წლის წინ მოკლეს. გთავაზობთ მისი მკვლელობის მოკლე ქრონიკას.
1968
3 აპრილი - კინგი მემფისში ჩავიდა, ტენესის შტატში, რათა მხარი დაეჭირა დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშებისთვის. ის სასტუმრო „ლორენში“ დაბინავდა.
4 აპრილი, 18:00 - კინგი ჯერ კიდევ სასტუმროშია, მაგრამ ემზადება ადგილობრივ მღვდელთან სადილზე წასასვლელად. აივნიდან გადაიხედავს, რომ მძღოლს გადასძახოს.
4 აპრილი, 18:01 - კინგს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან და მას წმ. ჯოზეფის საავადმყოფოში წაიყვანენ.
4 აპრილი, 19:05 - საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ის დაიღუპა. მაშინვე იწყება გამოსვლები ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში. პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
5 აპრილი - გამოძიების ფედერალური ბიურო მკვლელობის გამოძიებას იწყებს, რაც სახელმწიფოს $2 მილიონზე მეტი უჯდება. მასში 3, 500 გამომძიებელი მონაწილეობს.
9 აპრილი - კინგის პანაშვიდი ატლანტაში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართა. დაკრძალვას 50 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
19 აპრილი - გამომძიებლებს ეჭვი აქვთ ჯეიმს ერლ რეიზე, 40 წლის ადამიანზე, რომლის თითის ანაბეჭდიც დანაშაულის ადგილზე, ერთ-ერთ იარაღზე იპოვეს. ის შეიარაღებული ძარცვის გამო სასჯელს იხდიდა, მაგრამ წინა წელს, მისურის შტატის ციხიდან გაქცევა მოახერხა.
24 აპრილი - ერლ რეიმ იშოვა ჯორჯ სნეიდის სახელზე გაცემული კანადის მოქალაქის პასპორტი, რომლითაც ტორონტოდან ლონდონამდე თვითმფრინავის ბილეთი აიღო.
8 ივნისი - რეი ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ბრიუსელში გასაფრენი ბილეთის ყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით ერლ რეი ამერიკას გადასცეს.
1969
10 მარტი - რეი აღიარებს, რომ მარტინ ლუთერ კინგი მან მოკლა და მას ტენესის ციხეში 99 წელს მიუსჯიან.
13 მარტი - რეის უკან მიაქვს აღიარება და ამბობს, რომ ის აიძულეს დანაშაული ეღიარებინა. ამის შემდეგ, რეი სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო.
1978
რეის მოუსმინეს წარმომადგენელთა პალატის პოლიტიკური მკვლელობების კომიტეტში, რომელიც მოგვიანებით დაასკვნის, რომ რეი მარტო მოქმედებდა. თუმცა, კონგრესის კომიტეტი ასევე ასკვნის, რომ არსებობს შეთქმულების არაპირდაპირი სამხილი.
1993
მემფისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ყოფილი მფლობელი ლოიდ ჯოიერსი ამბობს, რომ მაფიის წევრებმა მას მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დაგეგმვისთვის $100 000 გადაუხადეს. ჯოიერსის თქმით, მან ფული კინგის მოსაკლავად გადაუხადა რიგით მუშას, ფრენკ ჰოლტს.
1998
23 აპრილი – ერლ რეი ციხეში თირკმლის და ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
1999
კინგების ოჯახი, რომელიც ფიქრობს, რომ ერლ რეი უდანაშაულო იყო, ლოიდ ჯოიერსს უჩივის.
2000
შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჯანეტ რენო საქმეს გამოძიებაში აბრუნებს, თუმცა შეთქმულების მტკიცებულებას ვეღარ პოულობს.