ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამაში მისი სიტყვების გამოყენება, მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. თავად ფრაზა კი, რომელიც რეკლამაში გამოიყენეს, კონტექსტიდან იყო ამოღებული.
გასულ კვირას ტრამპის კამპანიამ პოლიტიკური რეკლამა გაუშვა, რომელშიც საუაბარია როგორც თავად პრეზიდენტის მიერ კოვიდ 19-ის დამარცხებაზე, ისე ადმინისტრაციის მიერ პანდემიასთან გამკლავების ეფექტურობაზე. 30-წამიან მონაკვეთში, ექიმი ფაუჩის ფრაზა გამოყენებულია ისე, თითქოს ფაუჩი პრეზიდენტის საქმიანობას აქებს.
"ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამაზე მეტს აკეთებდეს", - ამბობს ფაუჩი სარეკლამო რგოლში. თუმცა, ეს ფრაზა მარტში გავრცელებული ინტერვიუდანაა ამოღებული, სადაც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი კორონავირუსთან ბრძოლის გაცილებით ფართო ძალისხმევაზე საუბრობს, მათ შორის - თეთრი სახლის საგანგებო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ასევე ნახეთ: ექიმი ფაუჩი ამბობს, რომ თეთრ სახლში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო"საჯარო სამსახურში ყოფნის თითქმის 50 წლის განმავლობაში, მე არასდროს დამიჭერია მხარი რომელიმე პოლიტიკური კანდიდატისთვის", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
"ჩემი ნებართვის გარეშე რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო რეკლამაში გამოყენებული ჩემი კომენტარები კონტექსტიდანაა ამოღებული და იმ ფართო განცხადების ნაწილია, რომელიც თვეების წინ იმ ძალისხმევის შესახებ გავაკეთე, რომელიც ფედერალურმა, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა პირებმა გასწიეს", - ამბობს ფაუჩი.
ტიმ მურტამ, ტრამპის კამპანიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ეს ენტონი ფაუჩის სიტყვებია, სიზუსტე დაცულია და რომ ფაუჩიმ სენატის წინაშეც თქვა, რომ პრეზიდენტი სერიოზულად მიუდგა პანდემიის საკითხს, სწრაფად იმოქმედა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ფაუჩის განცხადებას თავად დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეს ნამდვილად ფაუჩის სიტყვებია: "ჩვენ ფენომენალური საქმე გავაკეთეთ, კონკრეტული გუბერნატორების თანახმად".
ფაუჩი და ტრამპი ყოველთვის ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ადმინისტრაცია პანდემიას. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ამ მიმართულებით პრეზიდენტის საქმიანობას არ იწონებს. გასულ პარასკევს ენტონი ფაუჩიმ "სუპერგამავრცელებელი" უწოდა თეთრ სახლში 26 სექტემბერს გამართულ იმ ღონისძიებას, რომლის შემდეგაც არაერთი დამსწრე, მათ შორის დონალდ ტრამპიც ინფიცირებული აღმოჩნდა.
"ეი-ბი-სი ნიუსმა" კვირას განაცხადა, რომ მათ თეთრი სახლისგან ფაუჩისთან ინტერვიუს ნებართვა მოითხოვეს, თუმცა ადმინისტრაციამ საგანგებო ჯგუფის არცერთ წევრთან გასაუბრების საშუალება მათ არ მისცა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა კი მოგვიანებით განმარტა, რომ ფაუჩი უკვე იყო სტუმრად გასულ კვირას არაერთ მედიასაშუალებაში და ამას არაფერი აქვს საერთო იმ ბრალდებასთან, თითქოსდა მის გაჩუმებას ცდილობენ.