ფეისბუქი მომხრეა, რუსეთთან დაკავშირებული რეკლამები გასაჯაროვდეს

ფეისბუქის ოპერაციების დირექტორი შერილ სანდბერგი ამბობს, რომ „მთლიანად მხარს უჭერს“ იმ რეკლამების გასაჯაროებას, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა მისი კომპანიის პლატფორმაზე განათავსეს.

სანდბერგის თქმის, ფეისბუქი „მუშაობს, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს.“ მის განცხადებას წინ უსწრებდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა არჩევნების წინ ფეისბუქში 100,000 დოლარის რეკლამა განათავსა, რათა ისეთი თემები წამოეწია წინ, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში დაპირისპირებას გააღრმავებდა. „ჩვენ პლატფორმაზე ისეთი რამ მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო,“ თქვა სანდბერგმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, სანდბერგს აშშ-ის კონგრესის საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული. კონგრესმენებს აინტერესებთ, რა როლი შეასრულა რუსულმა რეკლამებმა, რომელიც ფეისბუქში 2015 წლის მიწურულს აიტვირთა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ 100,000 დოლარი იმ 2.3 მილიარდი დოლარის მცირე ნაწილია, რომელიც დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბებმა, ან მათთან დაახლოებულმა ჯგუფებმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დახარჯეს.