"ფეისბუქმა" მის სოციალურ ქსელში მოქმედი ასობით ანგარიში გააუქმა. მათი ნახევარი რუსეთში, ირანსა და საქართველოში იყო რეგისტრირებული. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა გამოავლინა.
"ფეისბუქმა" ამის შესახებ 5 მაისს განაცხადა და თქვა, რომ ანგარიშები აპრილში დაიხურა და კომპანია კვლავ განაგრძობს მის პლატფორმაზე ყალბი მომხმარებლებისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას. ამგვარი ანგარიშების მეშვეობით შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და არჩევნებზე გავლენის მოხდენა.
"ფეისბუქის" თქმით, დაბლოკილი ანგარიშები "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" მოქმედებდა. ისინი კი მთლიანობაში 8 ქსელს უკავშირდებოდა. რუსეთსა და ირანში რეგისტრირებული ანგარიშების სამიზნე საერთაშორისო აუდიტორია იყო, მაშინ როდესაც საქართველოში გამოვლენილი 2 ქსელი, ამერიკის 2, და თითო-თითო ქსელი მავრიტანიასა და მეანმარში, ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული.
საქართველოში "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ მედია-პლატფორმა „ეს პერსონასთან" და ოპოზიციურ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.
„ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ, კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე მოხსნილია "ფეისბუქის" პლატფორმიდან.
კომპანიის თქმით, ყველა ეს ანგარიში კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო შექმნილი, მაგრამ კვლევამ გამოავლინა ისიც, რომ ზოგიერთი ამ კამპანიის უკან ისინიც იდგნენ, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც ავრცელებდნენ საზოგადოების დაინტერესების მიზნით. ამგვარად, ქვეყნის შიდა ამბების გარდა, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების კრიტიკა, როგორც ირკვევა, "ესპერსონასთან" დაკავშირებულმა ქსელმა ვირუსთან დაკავშირებით ისეთი პოსტები გაავრცელა, რომლებიც "ფეისბუქის" "ჯანმრთელობისთვის მავნე დეზინფორმაციის წინააღმდეგ პოლიტიკას" ეწინააღმდეგებოდა და სწორედ ამიტომ გაუქმდა.
საქართველოში, საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირების გვერდებიც მოიხსნა პლატფორმიდან. სულ "ფეისბუქმა" პარტიასთან დაკავშირებული 23 ანგარში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ისნტაგრამის“ 9 ანგარიში გააუქმა.