საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში უკრაინისთთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ეს დარჩენილი თანხებით ქვეყნისთვის ახალი იარაღის შესაძენად იქნება განკუთვნილი. პაკეტი ასევე მოიცავს საარტილერიო აღჭურვილობასაც.
ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის თავდაცვის ინდუსტრიისგან თუ სხვა ქვეყნებისგან იარაღის შესყიდვა ხდება, და არა ამერიკის მარაგებიდან გამოყოფა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე მათ მოხვედრამდე შესაძლოა თვეები და ზოგჯერ წელიც კი გავიდეს.
ეს შეიძლება დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი აღმოჩნდეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უკრაინას გაუწევს - პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის სახით. არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის დახმარების საკითხს და ამბობს, რომ ამ ომის სწრაფად დასრულებას შეძლებს.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 175 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო, მათ შორის დაახლოებით 61.4 მილიარდი უსაფრთხოების მხარდაჭერაა. ამ უკანასკნელის დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებშია გამოყოფილი, ნახევარი კი ამერიკის მარაგებიდან პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გაიცემა. ამ მხრივ პრეზიდენტს კიდევ 5.6 მილიარდის გამოყოფა შეუძლია.
ამ ცნობებზე სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი კომენტარზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ოფიციალურ გამოცხადებამდე უსაფრთხოების მხარდაჭერის დეტალების განხილვას არ აპირებენ.