ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

მიკოლაი დოვგილევიჩი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს

გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპის პროგრამისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის თაოსნობით აღმოსავლეთის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ერთდღიანი სამეცნიერო სემინარი გაიმართა. ღონისძიების შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს მის აღმატებულებას ბატონ მიკოლაი დოვგილევიჩს.

რაც შეეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, ბატონმა დოვგილევიჩმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ რომ ნამდვილი პროგრესი სამ ფაქტორში გამოიხატება. ჯერ ერთი ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან უკვე დაიწყო. ხოლო ივლისში იგივე მოლაპარაკებების წარმართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან გაფორმდა, რაც ძალზედ დადებით მიღწევად მეჩვენება. ეს უწინარეს ყოვლისა ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ჭეშმარიტი პოლიტიკური პარტნიორობისა და პოლიტიკური დიალოგის დასაწყისს წარმოადგენს. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებების გაფორმებას ითვალისწინებს. აქ ჩვენ სწრაფი პროგრესის იმედი გვაქვს რადგან ჩვენ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს საკითხი თავისუფალი ვაჭრობის სფეროს სცილდება და ევროკავშირის მარეგულირებელი კანონებისა და ნორმების განხორციელებას ეხება, რაც თავის მხრივ, ევროპულ ეკონომიკაზე გადასვლას ხელს უწყობს. მესამე კი ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას გულისხმობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რეალობად იქცევა მალე. რასაკვირველია ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემაა რადგან მზარდი იმიგრაცია ბევრგან შიშს ბადებს, განსაკუთრებით მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს საკითხი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს და პოლონეთი მის გადაჭრას დაჟინებით ითხოვს რადგან ამ საკითხის გადაჭრა პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ ჩვენი განწყობის ნამდვილი მაგალითი გახდება. პარტნიორ სახელმწიფოებში მე რასაკვირველია საქართველოსაც ვგულისხმობდი.“

არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაციის ფონზე საქართველოში, მოდლოვასა და აზერბაიჯანში არსებული ტერიტორიული კონფლიქტები წარსულს ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, დოვგილევიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხსენებული კონფლიქტების დარეგულირებაში მონაწილეობს. საქმიანობა ამ სფეროში პოსტ-საბჭოთა სივრცეში ევროკავშირის განრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. დოვგილევიჩს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ახლახან შექმნილი დიპლომატიური უწყება - საგარეო რეაგირების სამსახური - ამ მწვავე საკითხს სათანადო ყურადღებას დაუთმობს. მისი თქმით:

„ევროკავშირს კავკასია და ამ რეგიონის მიმართ პასუხისმგებლობა არ დაავიწყდება. საგარეო რეაგირების სამსახური ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის დიპლომატიური გავლენა კავკასიაში შემცირდება. რამდენადაც მე მესმის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კეტრინ ეშტონს სურს, რომ ევროკავშირმა კავკასიის რეგიონში აქტიური პოზიცია შეინარჩუნოს. სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარგზავნილის ოფისის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ იცვლება. ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ ეს პოლონეთის განზრახვას ნამდვილად არ ასახავს.“

ინტერვიუს დასასრულს ბატონმა დოვგილევიჩმა ობამას ადმინისტრაციის ინტერესი აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ ამგვარად შეაფასა:

„როცა პირველად ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამერიკის მხრიდან პრეზიდენტი ბარაკ ობამა უძღვებოდა, მან აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიხსენია იმ ინიციატივებსა და პროექტებს შორის, რომელიც ვაშინგტონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამდენად მე მჯერა, რომ ამერიკული ადმინისტრაცია დაინტერესებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარებით და მე იმედი მაქვს, რომ ახლახან შექმნილი აღმოსავლეთის პარტნიორობის მეგობართა ჯგუფი, რომელშიც შეერთებული შტატებიც შედის, ამ წამოწყებას ხორცს შეასხამს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღეს ჩემი ვაშინგტონში ყოფნა. ჩვენ ამერიკელებს ევროკავშირის მიერ დაგეგმილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ.“