სააგენტო "როიტერის" ცნობით, ორშაბათს კორპორაცია „ექსონ მობილმა“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მისი ქონების ჩამორთმევის შემდეგ, რუსეთი სრულად დატოვა. ამას წინ უძღოდა შვიდი თვის განმავლობაში მსჯელობა, რათა ნავთობის დიდ პროექტში მისი 30 პროცენტიანი წილის გადაცემა მოწესრიგებულად მომხდარიყო.
„ექსონმა“ არ თქვა თუ მიიღო კომპენსაცია ქონებისთვის, რომელიც მას 4 მილარდ დოლარზე მეტად ჰქონდა შეფასებული. „ექსონის“ პრეს-მდივანმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმის შესახებ, აპირებს თუ არა კორპორაცია ეს ჩამორთმევა გააპროტესტოს საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის მეშვეობით, რომლის შესაძლებლობის შესახებაც აგვისტოში გაჟღერდა.
ასევე ნახეთ: "შელი" რუსულ ნავთობზე მთლიანად უარს ამბობსკომპანიის რუსეთიდან გასვლა ასახავს ენერგიის საკითხზე დასავლეთის და რუსეთის იმ დაპირისპირებას, რომელიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას და ქვეყნის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მოჰყვა. „ბრიტიშ პეტროლეუმმა“, „ტოტალ ენერჯიმ“, „ექვინორმა“ და „შელმა“ საკუთარი ქონება რუს პარტნიორებს გადასცეს ან ოპერაციები მიატოვეს.
„ექსონმა“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში მთავრობამ „სახალინ-1“ ნავთობის და გაზის პროექტში მისი ინტერესები „ერთპიროვნულად შეწყვიტა“, კომპანია რუსეთიდან „უსაფრთხოდ გამოვიდა“.
7 ოქტომბერს, პუტინმა „ექსონს“ ნავთობის ერთობლივი საწარმოს აქციები ჩამოართვა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ კომპანიას გადასცა. აგვისტოში პუტინმა ხელი მოაწერა პირველ ბრძანებას, რომელზეც „ექსონმა“ თქვა, რომ ამან პროექტ „სახალინ-1“-დან გარანტირებული და გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო გამოსვლა გაართულა.
აგვისტოში გამოცემული ბრძანების პასუხად, ამერიკულმა კორპორაციამ არბიტრაციის წინამორბედი იურიდიული ნაბიჯი უკვე გადადგა. „ექსონის“ მკაცრი ტონი მიანიშნებს კომპანიისთვის სასურველ შედეგზე - რუსეთიდან წავიდეს, მაგრამ არა დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის პირობით, რაც შეიძლება გადაითარგმნოს მრავალწლიან იურიდიულ დავებად, რომელიც ევროპულ სასამართლოებში არბიტრაციით დაიწყება.