ვირუსით დაავადებულებს, შესაძლოა მალე აშშ-ს ყველა საავადმყოფოში უმკურნალონ

მთავრობის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლოა შეერთებული შტატების ყველა საავადმყოფოში, მალე კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უმკურნალონ.

ამჟამად, ოთხიდან სამი საავადმყოფო დადასტურებულ ან საეჭვო შემთხვევებს მკურნალობს და ისეთ პრობლემებს განიცდის, როგორიცაა აღჭურვილობის ნაკლებობა, ექიმების და ექთნების დამცავი საშუალებების არასაკმარისი რაოდენობა და გადაღლილი თანამშრომლები, რომლებსაც საკუთარი უსაფრთხოება აშფოთებს.

ნიუ-იორკის საავადმყოფოს ადმინისტრატორმა თქვა: “ჯანდაცვის მუშაკები თავს ომში გრძნობენ, ხედავენ როგორ იღუპებიან 30, 40, 50 წლის ადამიანები... ეს მათზე დიდ ემოციურ დატვირთვას ახდენს.”

მთავრობის კიდევ ერთ ახალ ანგარიშში, რომელიც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის პირველი გამოცემაა და ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში შედგენილ უდიდეს კვლევას წარმოადგენს, ნათქვამია, რომ კორონავირუსის შემთხვევების 1.7 პროცენტი ბავშვებზე მოდის და იმ დროს, როდესაც ავადმყოფობა ბავშვებში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ზოგიერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ბიჭებში დაავადების რიცხვი ოდნავ უფრო მეტია, ვიდრე გოგონებში. კორონავირუსით სამი ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა არის ცნობილი.

შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა, ჩინეთში ჩატარებულ მსგავს კვლევას ეთანხმება, რომელიც ამბობს, რომ სოციალური დისტანცირება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უაღრესად რეკომენდებულია.

სხვა ფედერალური სააგენტო, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ აფართოებს მედიკამენტ “რემდესივირის” კვლევას, რომელიც სხვა კორონავირუსების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენებოდა. სააგენტო ამ წამალს 400-ზე მეტ ადამიანზე ცდის, მისმა მწარმოებელმა კომპანია “გილეად საიენს”-მა ეს მედიკამენტი 1700 პაციენტს მისცა.

ნიუ-იორკის ნავსადგურში მდგარი სამხედრო გემი-ჰოსპიტალი “კომფორტი”, რომელიც ნიუ-იორკის საავადმოყოფოების განსატვირთად იყო განკუთვნილი და არა ვირუსით დაავადებულებს მკურნალობდა, ახლა “კოვიდ-19”-ით დაავადებულ პაციენტებსაც მიიღებს.

შტატის გუბერნატორმა კუომომ ამას “მისასალმებელი დახმარება” უწოდა.