პოპულიზმის აჩრდილი ევროპაში

ცოტა ხნის წინ, შეშფოთება გამოიწვია გერმანიაში ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც ევროპის მასშტაბით კონსერვატიული პარტიების ხელის შეწყობას შეეხებოდა.

„ევროპის მასშტაბით ბევრი კონსერვატორია, ვინც მე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფიქრობენ აღორძინება მიმდინარეობს. მე აბსოლუტურად მინდა ხელი შევუწყო სხვა კონსერვატორებს ევროპის მასშტაბით, სხვა ლიდერებს“, - თქვა მან ულტრა-მემარჯვენე გამოცემა „ბრაითბარტთან“ საუბარში.

განცხადების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია ოპონენტებმა მკაცრად გააკრიტიკეს გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევის და ცალკეული პოლიტიკური ძალებისადმი გამოხატული სიმპათიის გამო.

ამერიკის ყველა პრეზიდენტი ევროპაში ცენტრისტულ მემარცხენე ან მემარჯვენე პარტიებს ემხრობოდა. თუმცა, ისინი მხარს ტრადიციულ პარტიებს უჭერდნენ, ამბობს რობერტ კაგანი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მისი თქმით, ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა.

„ისინი მხარს უჭერდნენ ევროპასა და მსოფლიოში ლიბერალურ პროექტს. დღეს, ამერიკის პრეზიდენტი ბრიტანეთში თავს არა "ტორებს" არამენ ნიგელ ფარაჟს უკავშირებს, საფრანგეთში ლე პენს, იტალიაში ახლანდელ მთავრობას. ეს რევოლუციაა. ეს გულისხმობს, რომ ამ ძალებს ახლა მხარს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ამერიკის მთავრობის ელემნტებიც უჭერენ, პრეზიდენტიდან დაწყებული. ეს ლიბერალიზმის და ანტი-ლიბერალიზმის ბრძოლაა, განმანათლებობის და მისი მოწინააღმდეგეების ბრძოლა... მე ეს ძალიან მაღელვებს“, ამბობს კაგანი.

სტივ ბენონი და მარინ ლე პენი

პოპულისტები ხელისუფლების სათავეში არიან ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ავსტრია, იტალია, უნგრეთი. ეს სია გრძელია. მათმა წარმატებამ დასავლეთში უკანასკნელ წლებში მყარი, ტრადიციული პოლიტიკური სპექტრი შეარყია. ტრადიციულ პოლიტიკური ძალები დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნონ იმედგაცრუებული ამომრჩევლის ნდობა.

პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი, რომელიც თეთრი სახლიდან დაითხოვეს, ევროპაში პოპულისტურ ძალებს ეხმარება. ის ღიად უჭერს მხარს ევროპაში ულტრა-მემარჯვენე მოძრაობებს, როგორიცაა ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია, "გერმანული ალტერნატივის" პარტია, იტალიის ლიგა და ისეთ ლიდერებს, როგორიცაა ვიქტორ ორბანი უნგრეთში და მარინ ლე პენი საფრანგეთში. ეს პარტიები პრეზიდენტ ტრამპის მსგავსად იმიგრაციის შეზღუდვას ემხრობიან. თუმცა, პრო-რუსული შეხედულებებით გამოირჩევიან.

კვლევები აჩვენებს, რომ სიმპათიები ორმხრივია და ევროპაში რადიკალი მემარჯვენე პარტიების ამომრჩეველი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ კეთილგანწყობილია. "პიუს კვლევების ცენტრის" მიხედვით, პოპულისტური პარტიების მხარდამჭერები, ევროპული ტენდენციის საპირისპიროდ, ტრამპს მხარს უჭერენ.

„ისინი, ვინც თავს იდეოლოგიური სპექტრის მარჯვნივ მოიაზრებენ უფრო მეტად კეთილგანწყობილნი არიან ამერიკის მიმართ, და მეტად ენდობიან პრეზიდენტ ტრამპს. ეს ასეა, როცა საქმე ევროპაში მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს შეეხება. მათ, ვისაც დიდ ბრიტანეთში „დამოუკიდებლობის პარტია“, გერმანიაში „ალტერნატივის პარტია“ და იტალიაში „ჩრდილოეთის ლიგა“ მოსწონთ, ასევე დადებითად აფასებენ ამერიკას და ენდობიან მის პრეზიდენტს“, ამბობს „პიუს კვლევების ცენტრის“ მკვლევარი ჯეიკობ პუშტერი.

ისტორიულად, ევროპის მემარცხენე პოპულისტური პარტიები ანტი-ამერიკანიზმით გამოირჩეოდნენ. მემარჯვენე პოპულისტური პარტიები დღეს, ამ სტერეოტიპს ანგრევენ.