მაკალისტერი: საქართველოში პოლიტიკური პატიმრები კვლავ ელიან გათავისუფლებას

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა", - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა. „თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს,“ – თქვა მან.

მან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები კვლავ ელიან გათავისუფლებას, კონკრეტული საქმე იყო დღეს აქ ნახსენები. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩვენი ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე თბილისში ამ საკითხში მეტად გააქტიურდეს", - თქვა მან.

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.

„მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა", - განაცხადეს მათ.

ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გააკეთა ასევე, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად.

„[კონგრესმენს] ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს [შეთანხმების] განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ - აცხადებს კონგრესმენ კინზინგერის ოფისი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.