ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ „მუშაობს“. მისივე თქმით, ირანის მიერ ბალისტიკურ რაკეტების შემუშავების და ახლო აღმოსავლეთში წარმოებული სხვა საქმიანობის განხილვა ბირთვულ შეთანხმებას არ უნდა უკავშირდებოდეს.
მოგერინის მიაჩნია, რომ შეთანხმებამ მხარეებს ბევრ სხვადასხვა საკითხზე დიალოგისა და თანამშრომლობის საშუალება მისცა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ვხედავდეთ ამ შეთანხმების წარმატებას მომავალშიც.
მოგერინიმ ამ საკითხზე ხუთშაბათს ბრიუსელში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. შეხვედრაზე 2015 წელს დადებული შეთანხმება განიხილეს.
ხელშეკრულებას, სახელწოდებით, “ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა,” ირანი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი აწერენ ხელს. მის თანახმად, ირანს უნდა შეეწყვიტა ატომური იარაღის განვითარება და ასევე ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ხელმომწერმა ქვეყნებმა სამ თვეში ერთხელ სერტიფიცირება უნდა გაუკეთონ იმას, რომ ირანი ხელშეკრულების პირობებს იცავს. პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს მის სერტიფიცირებაზე უარი განაცხადა.
ირანი ამტკიცებს, რომ მისი ატომური პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა და არავისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი სხვა დიპლომატებთან ერთად პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე არ წარმდგარა, თუმცა ოთხშაბათს, მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას მხარს უჭერს. მან შეერთებული შტატები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.