ევროპა ამერიკული დაზვერვის მეთოდებს აპროტესტებს

რა რეაქცია მოჰყვა ევროპაში მილიონობით ადამიანის სატელეფონო ზარების მონიტორინგის ბრალდებას და რამდენად გულწრფელია ის?

Your browser doesn’t support HTML5

სათვალთვალო პროგრამის გამჟღავნების შედეგები


ესპანეთის მთავრობამ მადრიდში შეერთებული შტატების ელჩი გამოიძახა, რათა საკუთარი პროტესტი გამოეხატა. უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს მიერ მილიონობით ესპანეთის მოქალაქის სატელეფონო ზარების კონტროლის შესახებ. ესპანეთის ხელისუფლება გამუდმებით იმეორებს, რომ შეერთებული შტატების მეთოდები მეგობარი ქვეყნებისთვის სრულიად „შეუფერებელი და მიუღებელია“.

ბოლო ინფორმაციამაც ედუარდ სნოუდენისგან გაჟონა. ამერიკის მიერ ძებნილად გამოცხადებული დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი, დროებითი თავშესაფრის მინიჭების შემდეგ, კვლავ რუსეთში რჩება. უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის შესახებ ინფორმაცია არამარტო ესპანეთს, არამედ საფრანგეთს და გერმანიასაც მოიცავდა. ლონდონის კინგსის კოლეჯის ამერიკული პოლიტიკის ექსპერტი ჯეიმს ბოისი ამბობს, რომ აღნიშნული სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ამერიკა ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობს.

ინციდენტი იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტრაციაა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ იმყოფება თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები არ იცვლება. მათ ბოლომდე დაიცავენ, თუნდაც ამან ბევრი გაანაწყენოს, მათ შორის მოკავშირეები ევროპული დედაქალაქებიდან“ - აცხადებს ანალიტიკოსი.

აქამდე ცნობილი იყო ის, რომ სატელეფონო ზარების მასობრივი კონტროლის ოპერაცია უმთავრესად საუბრების პერიოდულობას და მათ სიხშირეს აღრიცხავს. ეს საქმე ტერორისტების გამოაშკარავებას ისე ემსახურება, რომ უშუალოდ საუბრების მოსმენა არ ხდება. თუმცა, სნოუდენის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაზვერვა საუბრებსაც ისმენდა. ამ შემთხვევაში საუბარია მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო კომუნიკაციაზე, რომელთა შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც აღმოჩნდა. მერკელმა ვაშინგტონს ამ საქმის გამოძიება მოსთხოვა.

გერმანული მედია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ობამამ თვალთვალის პროგრამის შესახებ იცოდა. დაზვერვის ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ობამამ თვალთვალის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიტყო და მაშინათვე განკარგულება მისი შეწყვეტის შესახებ გასცა. ბერლინელი ჟურნალისტის ანტონ ტროიანოვსკის აზრით, იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ობამამ სათვალთვალო პროგრამების შესახებ, ეს ფაქტი გერმანიას და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი „მთავარი საკითხი“ ხდება.

„ეს ამბავი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობამ პირად შეურაცხყოფად მიიღო. კანცლერმა მერკელმა ბოლო დღეებში ამის შესახებ უკვე მერამდენედ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა გაბზარულია და ის აღდგენას საჭიროებს. ხალხს მართლაც სურს მოისმინოს, თუ რა გამართლება უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს“ - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისი აზრით, ახლა ყველაფერი შეერთებული შტატების მხრიდან გაკეთებულ განმარტებებზეა დამოკიდებული. კერძოდ ის, თუ რამდენად ღრმა კვალს დაატყობს სკანდალი ამერიკის და ევროპის ქვეყნების მომავალ ურთიერთობებს.

ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე აღშფოთება ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვეს. თუმცა, ანალიტიკოს ჯეიმს ბოისს მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, რადგან, მისი თქმით, ევროპული დაზვერვის სამსახურები ამერიკულთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებენ.

ევროპული დაზვერვის სამსახურები დაზვერვის ეროვნული სააგენტოს მოკავშირეეები არიან. ევროპის ძალები მოგებული რჩებიან იმ ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო აგროვებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ ყველა ევროპელმა ლიდერმა კარგად იცის, რომ მათი საუბრების მონიტორინგი ხდება. ჩემი აზრით, აქ დიდ პოზიორობასაც აქვს ადგილი“ - აღნიშნავს ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორი.

ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკელმა კონგრესმენმაც ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა. მაიკ როჯერსის, კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის თქმით, ევროპული პროტესტი დიდი გულწრფელობით არ გამოირჩევა, რადგან მისივე განმარტებით, სატელეფონო საუბრების მონიტორინგის პროგრამა როგორც ამერიკის, ასევე მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას ემსახურება.