საიდუმლო თვალთვალის გამო ევროკავშირი შეშფოთებულია

ჯონ კერი ირიბად აღიარებს, რომ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტო უცხოური მისიების ელექტრონულ ფოსტას და სატელეფონო საუბრებს აკონტროლებდა
ევროპელმა ლიდერებმა საკმაოდ მძაფრი რეაქცია მისცეს შეერთებული შტატების მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროკავშირის მისიების ელექტრონულ ფოსტის და სატელეფონო საუბრების ფარულ კონტროლს ახორციელებდა. ეს ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გააჟღერა. ამჟამად იგი მოსკოვის აეროპორტშია გაჩერებული. ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს.

გერმანული გაზეთი „შპიგელი “ და ბრიტანული „ გარდიანი“ ამტკიცებენ, რომ ფლობენ დამადასტურებელ ფაქტებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ნიუ იორკის მისიის და ასევე ევროკავშირის ვაშინგტონში მოქმედი საელჩოს ფარული თვალთვალის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამერიკის ელჩი დაიბარეს და ოფისებში დამონტაჟებული მოწყობილობების შემოწმების ბრძანება გასცეს. გერმანიის სახელმწიფო მდივნის ანგელა მერკელის პრესს სპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან განმარტებებს ელოდებიან.

შტეფან ზაიბერტი; ეს ყველაფერი გასარკვევია და თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, რადგან ცივი ომის პირობებში აღარ ვიმყოფებით,- განაცხადა ზაიბერტმა.

ორშაბათს ბრუნეის სახელმწიფოში ვიზიტის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.

ჯონ კერი: მსოფლიოს ყველა ქვეყანა რომელიც დაკავებულია საერთაშორისო ურთიერთობებით და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბევრ ღონისძიებას ატარებს, რაშიც სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება შედის. ეს არ არის ბევრი ქვეყნისთვის უცხო საქმიანობა.

ბრუნეის უნივერსიტეტის დაზვერვის და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ქრისტიან გუსტაფონი აცხადებს, რომ ასეთ აღიარებაში გასაკვირი არაფერია.

ქრისტიან გუსტაფონი: უსაფრთხოების საკითხებში ყველა ერთ დონეზეა და არ სჭირდებათ ერთმანეთის თვალთვალი. თუმცა ეკონომიკურ სფეროში, ისინი კონკურენტები არიან და არა მეკავშირეები, სადაც შპიონაჟს ხშირად მიმართავენ.

ინფორმაციის სხვა წყარო ამტკიცებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად გერმანიაში ნახევარი მილიარდი სატელეფონო ზარი და ელექტრონული ფოსტა იშიფრებოდა.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი დევიდ კადიერი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

დევიდ კადიერი: ეს შეიძლება გადაიქცეს ევროკავშირის საშინაო პრობლემად. პრობლემა ნაკლებად არის იმ ფაქტში, რომ ამერიკის ხლისუფლება ევროპულ მისიებს უთვალთვალებდა, არამედ მთავარი დარღვევა პირადი ინფორმაციის გაზიარებაა.

ეს ბრალდებები დროში დაემთხვა ევროკავშირის და შეერთებული შტატების შეთანხმებას მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო გარიგების გაფორმების შესახებ.

დევიდ კადიერი: რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ შეთანხმებას საფრთხე შეექმნას?ალბათ არ შეექმნება, ვინაიდან ევროკავშირის წარმომადგენელთა და ხელისუფლების მხარდაჭერა ამ სავაჭრო გარიგების მიმართ საკმაოდ ძლიერია.

ერთ-ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით, არსებობს 38 საელჩოს სია, სადაც ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა, მათ შორისაა მექსიკის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და თურქეთის საელჩოები.

ეს დოკუმენტები ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გამოაშკარავა, რომელიც ამჟამად მოსკოვის აეროპორტშია გაჩერებული. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მას თავშესაფარი რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ უნდა მისცეს.