ჯანმო გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ევროპის რეგიონი სავარაუდოდ “კოვიდ-19”-ის გავრცელების ყველაზე მწვავე ფაზაშია და პანდემიის შესაზღუდად გადამჭრელი ზომები უნდა მიიღონ.
ევროპის რეგიონში 26 მილიონზე მეტი “კოვიდ-19” შემთხვევა, მათ შორის 580 ათასი გარდაცვალება დადასტურდა. ჯანმო იუწყება, რომ ვირუსის გადაცემის დონე უკიდურესად მაღალია. ამის შედეგად, რეგიონის ქვეყნებში სრული კარანტინის წესების ამოქმედება ხდება, რაც 230 მილიონ ადამიანს ეხება.
ასევე ნახეთ: პასუხები ვირუსის ახალ ვარიაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე
ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლიუგი ამბობს, რომ ეს ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, როგორიცაა პანდემიის გასაკონტროლებელი ვაქცინები, თუმცა იმავდროულად აღნიშნავს, რომ თვითონ ვირუსის მიერ შექმნილი ახალი გამოწვევები დიდ შეშფოთებას იწვევს.
ჰანს კლიუგი ამბობს, რომ “კოვიდ-19” ვირუსი შეიცვალა. ის ამბობს, რომ გავრცელების პროცესში მყოფი ვირუსისთვის, მუტაცია ნორმალური მოვლენაა, თუმცა ცნობილი არაა, თუ ახალ ვარიანტს როგორი გავლენა ექნება. ის ამბობს, რომ ახალი შტამი, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად გადამდებია.
ჰანს კლიუგმა თქვა: “ჯანმოს ევროპის რეგიონში, ახალი ვარიანტი 22 ქვეყანაში აღმოაჩინეს. ეს ვარიანტი შეშფოთების საგანია და მას გადადების მეტი უნარი აქვს. დღეისთვის გვესმის, რომ დაავადება, რომელსაც ეს ვარიანტი იწვევს - “კოვიდ-19” - უფრო მეტად ან ნაკლებად მძიმე არ არის”.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამის გამო შეზღუდვები მკაცრდება
კლიუგი ამბობს, რომ ახალი შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება და როგორც ჩანს, ბავშვები მომეტებული რისკის ქვეშ არ არიან. დროთა განმავლობაში, შესაძლოა ამ ვარიანტმა სხვა შტამები ჩაანაცვლოს, როგორც ეს ბრიტანეთში და დანიაში ვნახეთ.
ვაქცინების გამოჩენას “კოვიდ-19”-ის გადაცემის კონტროლზე და გავრცელებაზე უეცარი გავლენა არ ექნება. ჯანმოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ასეთი გავლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი ზომებით მიიღწევა, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
თუმცა, ვაქცინები ყველაზე მოწყვლად ადამიანებს მძიმედ ავად გახდომისგან და საავადმყოფოში გარდაცვალებისგან დაიცავს. ვაქცინები ასევე იძლევა იმედს, რომ ეს დამანგრეველი პანდემია ოდესმე დასრულდება.