ჩრდილოეთში შვედეთიდან დაწყებული და სამხრეთში იტალიით დამთავრებული მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომლებიც ანტი-საიმიგრაციო ზომების მიღებას ემხრობიან, ევროპაში ახალხან გამართულ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ევროპის „ისლამიზაციის“ წინააღმდეგ გამოდის. ევროპის კონტინენტზე დაძაბულობის ფონზე ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ მემარჯვენე პოლიტიკური ტენდენციების მომატება უწინარეს ყოვლისა ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.
როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ლონდონიდან იუწყება, სექტემბერში შვედეთის მემარჯვენე პარტიამ პირველად პარლამენტში ადგილები მოიპოვა, რასაც მთელს ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქვეყანა რომელსაც ევროპის სოციალური მოდელის მაგალითად იხსენებდნენ მოულოდნელად არასკანდინავიური წარმოშობის იმიგრანტების წინააღმდეგ გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ისინი შვედეთის მოსახლეობის ხუთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ. ხსენებული მემარჯვენე პარტიის ლიდერმა ჯიმი აკესონმა გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ჩვენ მზად ვართ ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა და მე იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის წარმართვაზე რადგან სწორედ ეს არის ის რაც ახლა ხდება.“
-ციტატის დასასრული-
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შვედეთში ათასობით დემონსტრანტი რასიზმის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა.
„ეს ძალზედ შემაშფოთებელი სიტუაციაა რადგან მე გავიზარდე ქვეყანაში, სადაც ყველა ჩემს ირგვლივ განსაკუთრებული ტოლერანტულობით გამოირჩეოდა და ახლა პირველად ჩემს ცხოვრებაში მე ამის მოწმე გავხდი,“ აღნიშნა დემონსტრანტმა რიკარდ სლეტენგრენმა.
მაგრამ მიუხედავად ამგვარი მოსაზრებებისა, მემარჯვენე ანტი-იმიგრანტული პარტიები ევროპაში დიდი წარმატებით სარგებლობენ. ბევრმა მათგანმა, ნიდერლანდების თავისუფლების პარტიის მსგავსად, პოპულარობა ანტი-ისლამური პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე მოიპოვეს.
გირტ ვაილდერსი თავისუფლების პარტიის ლიდერი ნიდერლანდების კოალიციურ მთავრობაში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს. ივნისში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მან აღნიშნა:
„მუსლიმების წინააღმდეგ მე პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ მე მჯერა, რომ ისლამი ტოტალიტარულ იდეოლოგიას წარმოადგენს და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ნიდერლანდებისა და ევროპის თავისუფლებისთვის ვიბრძვით და სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენ.“
-ციტატის დასასრული-
საფრანგეთსა და იტალიაში მემარჯვენე პარტიებმა ბოლო არჩევნებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. ივლისში საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა სადაც მუსლიმი ქალების პირბადე აიკრძალა. აკრძალვის შემოღების მთავარ საბაბად პოლიტიკოსებმა დაასახელეს ის, რომ პირბადე ფრნაგულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ბევრი ანალიტიკოსი აგორებულ ანტი-იმიგრანტულ ტალღას ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. იმიგრანტებს საშემოსავლო დონის დავარდნაში, სამუშაო ადგილების შემცირებასა და მთავრობისგან სოციალური დაზღვევის გადასახადების მიღებაში ხშირად ადანაშაულებენ.
გერმანელი ისტორიკოსი ჯულიან შატერლი აღნიშნავს, რომ იმიგრაცია 21 საუკუნის მთავარი განმსაზღვრელი კონფლიქტი იქნება.
„ვფიქრობ მომავალში ჩვენ გავხდებით მოწმეები არა დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფლიქტისა არამედ მიგრაციასა და მუსლიმი უმცირესობების ინტეგრაციასტან დაკავშირებული დებატებისა. სწორედ ამ საკითხზე ვმსჯელობთ ჩვენ ახლა ევროპასა და გერმანიაში,“ დასძინა შატერლიმ.
ევროპაში შექმნილი ანტი-იმიგრანტული პოლიტიკური კლიმატის მიუხედავად ასობით იმიგრანტი ყოველწლიურად ევროპის ნაპირებს აწყდება. ბევრი მათგანი მალე ხვდება, რომ მათ აქ გულთბილ მიღებას არავინ მოუწყობს.