როგორც კვლევამ აჩვენა, ნოემბერში ევრო ზონის ბიზნეს აქტიურობა მეხუთე თვის განმავლობაში იკლებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მკვეთრად მზარდი ინფლაციის პირობებში მომხმარებლები ნაკლებს ხარჯავენ და ეკონომიკა რბილი რეცესიისკენ იხრება.
შესყიდვების მენეჯერთა საბოლოო კომპოზიტი ინდექსი ევრო ზონისთვის, რომელსაც კომპანია S&P Global (ყოფილი Standard&Poor) ადგენს, ეკონომიკის სიჯანსაღის კარგ გზამკვლევად მიიჩნევა. ნოემბერში ეს ინდექსი ოქტომბრის მაჩვენებლის შემდეგ, რომელიც 23 თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები იყო და 47,3 ნიშნულზე იყო, ოდნავ გაიზარდა და 47,8 ნიშნულზე ავიდა, რაც წინასწარ შეფასებებს ემთხვევა.
ასევე ნახეთ: მზარდი მშპ გერმანელებს ნაკლებად მწვავე რეცესიის იმედს უჩენს50-ს ქვემოთ ნებისმიერი მაჩვენებელი, ეკონომიკის შეკუმშვაზე მიანიშნებს.
გასულ თვეში, სააგენტო „როიტერის“ გამოკითხვაში, ეკონომისტებმა ევრო ზონისთვის, ერთი წლის განმავლობაში, რეცესიას საშუალოდ 78 პროცენტიანი შანსი მისცეს და გამოთქვეს პროგნოზი, რომ მიმდინარე კვარტალში ეკონომიკა 0.4 პროცენტით შეიკუმშება.
მოთხოვნის კვლავ შემცირებასთან და გარდაუვალი გარდატეხის დადგომის ნაკლებ პერსპექტივასთან ერთად, ფირმებმა მუშახელის დაქირავება შეამცირეს. დასაქმების ინდექსმა 52.5-დან 51.8-მდე დაიწია. ხუთშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში უმუშევრობის დონე, ოქტომბერში 6.5 პროცენტამდე დაეცა.
ცენტრალური ბანკი, ფასების ზრდის შესაკავებლად საპროცენტო განაკვეთებს ზრდიდა და მოსალოდნელია, რომ თვის ბოლოს კიდევ 50 საბაზისო ერთეული დაამატოს.