მწარე მარცხი, რომელიც დავიმსახურეთ და სამარცხვინო თავდასხმა ფანებზე

საქართველოს ნაკრებმა უეფას საჩუქარი ხელიდან გაუშვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, არსებობის 30 წლის მანძილზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. თბილისში, „დინამო არენაზე“ ფლეი ოფის ფინალში, რომლის მოგებაც ავტომატურად ევრო 2020-ის საგზურს იძლეოდა გამარჯვება ჩრდილო მაკედონიელებს დარჩათ. შეხვედრის ერთადერთი გოლი იტალიური „ჯენოას“ 37(!) წლის ფორვარდმა გორან პანდევმა გაიტანა და მაკედონიური ფეხბურთის ახალი ისტორია დაწერა.

Your browser doesn’t support HTML5

ევრო 2020 პლეი-ოფი: საქართველო - მაკედონია 0-1

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ორი დღით ადრე უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, კორონავირუსი დაუდგინდა გუნდის ახალგაზრდა ლიდერს, რუსული „რუბინის“ 19 წლის ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიას, ასევე თურქული „ქონიასპორის“ თავდამსხმელს ლევან შენგელიას. ტრავმების გამო გუნდს მანამდე გამოაკლდნენ: ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და ავსტრიული „შტურმის“ ჰავბეკი ოთარ კიტეიშვილი.

ამ დანაკლისის გამო ნაკრების შეტევითი პოტენციალი პრაქტიკულად განახევდა, თუმცა მაინც იყო მოლოდინი, რომ გუნდი ბოლომდე იომებდა საკუთარ კედლებში ამ ისტორიულ შანსს არ გაანიავებდა.

თამაშმა სრულიად საპირისპირო აჩვენა, გამოჩნდა რომ მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ანგელოვსკიმ ჩვენი გუნდის თამაში უნაკლოდ გაშიფრა, მაკედონელთა ტოტალური პრესინგის ფონზე, დაცვიდან ბურთი შეტევაში ვერ გადაგვქონდა, შედეგად მთელი მატჩის მანძილზე რეალური საგოლე მომენტი არც შეგვიქმნია..

მწარე მარცხზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართველთა სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა აიღო, რომელმაც აღიარა რომ მაკედონიელმა ვიზავიმ აჯობა:

ბოდიში დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება
ვლადიმერ ვაისი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„ბოდიში დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებს. მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა, ვულოცავ მათ. ისინი უკეთესები იყვნენ. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, გუნდისთვის, ყველასთვის. ჩემი სამუშაო აქ სრულდება, ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, ახალი იმედებით. მე ვასრულებ ხუთწლიან საქმიანობას საქართველოში“ - განაცხდა ვაისმა.

Your browser doesn’t support HTML5

ვლადიმერ ვაისი გადადგა

თუ პირველი ტაიმის დასაწყისში ვაისის გუნდი მეტ-ნაკლებად ახერხებდა თამაშის გამწვავებას და ბურთის კონტროლს, შემდეგ მატჩის სადავეები მთლიანად მაკედონიელებმა აიღეს ხელში. პანდევს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, თუმცა ლორიამ გუნდი თავგანწირული ნახტომით იხსნა. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო, პანდევის ნაადრევმა გოლმა კი საქართველოს ნაკრები ადგილზე მოკლა. იტალიური სერია ა-ს ტრიომ ელმასი(ნაპოლი)-ნესტეროვსკი(უდინეზე)-პანდევი(ჯენოა) მშვენიერი კომბინაცია გამარჯვების გოლით დააგვირგვინეს.

56-ე წუთის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი გაუკეთებიათ, გუნდი მთლიანად მოიშალა, გოლის გატანა კიდევ შეეძლო „ნაპოლის“ ნახევარმცველ ელმასს, რომელმაც დატანჯა ქართველთა დაცვა.ბოლომდე ჩაეძინა ვაისსაც, რომელმაც ხუთი(!) შეცვლა მატჩის დამთავრებამდე 2 და 1 წუთით ადრე გააკეთა. მაკედონიელებმა კი დიდი გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს და დიდი ზეიმი თბილისშივე დაიწყეს.

Your browser doesn’t support HTML5

მაკედონიელები თბილისში ზეიმობენ

საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად უზბეკური "ფახთაქორის" მთავარი მწრთნელია თქვა, რომ სახელმწიფო და ფედერაცია შეცდნენ, რომ მატჩზე, უეფას ქვოტით დაშვებული 17 000 ფანი არ დაუშვეს:

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო
შოთა არველაძე, ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი


„ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა“ - აღნიშნა არველაძემ.

ქართულმა ფეხბურთმა საბოლოდ მაინც ვერ შეირგო უეფას სლოვენიელი პრეზიდენტის ალექსანდრე ჩეფერინის არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომელმაც ერთა ლიგის შექმნით, მაჩანჩალა საფეხბურთო ერებსაც მისცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი.

საქართველო ფლეი ოფის ფინალამდე, ერთა ლიგის ყველაზე დაბალ D ჯგუფში - ასევე მაჩანჩალა ყაზახეთის (2-0, 2-1), ლატვიის (1-0, 3-0) და ანდორის (3-0, 1-1) ძლევით მივიდა; ფლეი-ოფის ნახევარფინალი თბილისში ითამაშა და ბელარუსს 1-0 აჯობა. ფინალი კი ასევე თბილისში სამწუხაროდ, მაგრამ სამართლიანად წააგო უფრო ძლიერ მაკედონიასთან, რომელიც პანდემიის გამო ევრო 2020-ზე, 2021 წელს ითამაშებს.

საქართველოს ნაცვლად EURO2020-ზე მაკედონია გავიდა

ვაისისგან განსხვავებით, ისტორიულ მატჩში მარცხის გამო პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტი, პარალელურად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი.

მაკედონიასთან წაგებული თამაშის შემდეგ, სფფ-ს ოფისთან უსამარცხვინოესი ინციდენტი მოხდა, პროტესტით გაღიზიანებული ფედერაციის ჩინოვნიკები თავს გულშემატკივრებს დაესხნენ.

Your browser doesn’t support HTML5

სფფ-ს თანამშრომელთა თავდასხმა ფანებზე

ფანები მაკედონიასთან მატჩზე „ქართული ოცნების“ ელიტის დასწრებას აპროტესტებდნენ, მაშინ, როცა თავად სტადიონთან საგულშემატკივროდ მისულებს, საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, პოლიციამ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

დიდმა ზეიმმა კი თბილისიდან 1950 კმ-ით მოშორებულ სკოპიეში გადაინაცვლა. პანდემიის მიუხედავად, მთელი მაკედონია, სადაც 2 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, მეორე დღეა, ქუჩაში ზეიმობს.

Your browser doesn’t support HTML5

დიდი ზეიმი, თბილისის ნაცვლად სკოპიეში