ევროკომისიამ საქართველოს მწვანე შუქი აუნთო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 8 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ გადაწყვეტილებაში უდიდესი წვლილი ქართველმა ხალხმა შეიტანა - აღნიშნა მან დასაწყისშივე.
"რაც შეეხება საქართველოს, მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან ხაზგასმულად, მხარდაჭერილია. ეს მისწრაფებები უკეთესად უნდა აისახოს ხელისუფლების მიერ. ის უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ეროვნული ინტერესების გატარების მიმართულებით. მთავრობას სჭირდება შემდგომი პროგრესი იმ 12 პრიორიტეტის შესრულებაში, რაც გასულ წელს განვსაზღვრეთ. ახლა, ევროკომისია ხედავს მთელ რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს. გაიზარდა ოპოზიციის კონტროლი საპარლამენტო მუშაობაზე, მიიღეს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, ამიტომ, ჩვენ, რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს," - განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა.
Your browser doesn’t support HTML5
"დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია, წმინდა ილია მართლის განვლილ გზას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს დეოკუპაციაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არაა მარტო და ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები... ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენ აფხაზ და ოს თანამოძმეებს. ჩვენი მრავალფეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ქართველი ხალხის არაკეთილმსურველებს არ მიეცათ არასასურველი სპეკულირების შესაძლებლობა. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, მუხლჩაუხრელად მუშაობდა ქართული სიმართლის გამარჯვებისთვის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
ევროკომისიის პრეზიდენტმა 8 ნოემბერს ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და მის შედეგებზე, როგორც კანდიდატი, ისე წევრი ქვეყნებისთვის.
საქართველოსთვის მომდევნო ეტაპი დეკემბრის შუა რიცხვებში მიღებული დადასტურება უნდა იყოს, რასაც ევროკავშირის საბჭო გასცემს. რაც შეეხება, საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მისასვლელ გზას, ის არაა მარტივი. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი, იენის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბიძინა ლებანიძე ამბობს, რომ ხუთიდან ათ წლამდეა სავარაუდო დრო, რა პერიოდშიც, საქართველო, შესაძლოა, ევროკავშირის წევრად იქცეს.
"ახლა უკვე ჩვენზე, რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად წავა წინ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გახსნილია ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა, რაც არაა ყოველდღიური მოვლენა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ევროკავშირი თავს იკავებდა გაფართოების პოლიტიკის განხორციელებისგან. ბალკანეთის ქვეყნებს ამიტომაც გაუჭიანურდათ გაწევრიანება. ეს ფანჯარა რუსეთ-უკრაინის ომმა გახსნა. ახლა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მაქსიმალურ წინსვლას,"- გვეუბნება ბიძინა ლებანიძე.
Your browser doesn’t support HTML5
რეკომენდაციებში, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, მითითებულია, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი შეფერხდა პოლიტიკური დაძაბულობის გაგრძელებისა და ღრმა პოლარიზაციის გამო. არ არსებობს კონსტრუქციული ჩართულობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა მიიღწეს კონსენსუსი ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე. ევროკომისია ამბობს, რომ პოლარიზაციის მაღალი დონე რეფორმების ჩავარდნას განაპირობებს ქვეყანაში.
იმ დროს, როდესაც პოზიტიური ძვრები იწყება, მას უმალვე მოსდევს ისეთი ნაბიჯები, რაც მანამდე არსებულ პოზიტივს ანეიტრალებს. ასე მოხდა წლის დასაწყისში, როდესაც პარლამენტმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში, შემდეგ კი შემოიტანა კანონი "გავლენის აგენტების" თაობაზე, რითაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობა გააღრმავა და საქმე საბოლოო ბოიკოტამდე მიიყვანა.
ევროკომისია ცალკე აღნიშნავს, სასამართლო სისტემაში შეზღუდული პროგრესის თაობაზეც და დეტალურად აღწერს იმ ხარვეზებს, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს. ბიძინა ლებანიძე ამბობს, რომ სამართლებრივი სისტემისა და დემოკრატიის გაუმჯობესება ის სფეროებია, რომელშიც საქართველომ აუცილებლად უნდა აჩვენოს პროგრესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალს ვერავინ დახუჭავს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თამამად აცხადებენ, რომ საქართველოს ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამ, უბრალოდ, სარკისებურად ასახა სამართლიანობა მაშინ, როდესაც საქართველოსთვის მწვანე შუქი აანთო.
"მინდა, მოგილოცოთ მიღწეული შედეგების აღიარება",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. "2012 წლიდან მოყოლებული, საქართველომ ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის განხორციელების, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით. დღევანდელი რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა,"- ამბობს მამუკა მდინარაძე.
Your browser doesn’t support HTML5
ევროკომისია საქართველოს "შეზღუდული პროგრესის" თაობაზე საუბრობს, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. აღნიშნულია ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებაც. ასევე, ხაზგასმულია, რომ საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდველ სანქციებს რუსეთთან დაკავშირებით, საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე. ნათქვამია, რომ შეუსაბამობაა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან მიმართებითაც.
ბიძინა ლებანიძე განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არაა გათვალისწინებული - "საქართველო საკმარისად არ ითვალისწინებს იმ რიტორიკას, რაც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით. 43 პროცენტია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებთან თანხვედრა, საქართველოს შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც მოლდოვას 10 ერთეულით მეტი მაჩვენებელი აქვს, ამ თვალსაზრისით."
პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკმარისად გახარებულები არ არიან მიღებული გადაწყვეტილებით. "ვუყურებდი ღარიბაშვილს და არ გაუღიმია. ტრაგიკული სახით, მძიმედ ჰყვებოდა კანდიდატის სტატუსზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული ოჯახის წევრები რომ გავხდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს დაიმსახურა ქართველმა ხალხმა,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.
"სიცოცხლის შანსი, სადღაც, ქვემოთ დაუტოვა ქართულ ოპოზიციას ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამ ფონზე, ეს, შეიძლება, ძალიან კარგიც იყოს. მე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ ოპოზიციაზე,"- თქვა მამუკა მდინარაძემ.
"ქართველმა ხალხმა მოახერხა და ბრძოლა მოუდო "ქართულ ოცნებას", რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ არ გაღებულიყო ეს კარი. ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნით, რუსული კანონის გახმობით, ქართველმა ხალხმა მოუგო "ქართულ ოცნებას". ეს ბრძოლა არის გასაგრძელებელი,"- ამბობს ელენე ხოშტარია, "დროას" ლიდერი.
"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის მოტივაცია, რომელიც გააჩნია ოპოზიციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციას და მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება,"- ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი.
"ქართული ოცნება" წარმოაჩენდა ისე, თითქოს, ევროპას არ უნდოდა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა. ეს თამაში მათ ჩაუვარდათ. დღეს ევროკომისიამ თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და კარი ღიაა. დღევანდელ დამწუხრებულ სახეებს რომ შევხედოთ, "ოცნების" ლიდერების, დავინახავთ, რომ დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობდნენ, რადგან რუსეთს ვერ ჩააბარეს ანგარიში. ერთია, რას კითხულობ და ამბობ და მეორეა, რა ემოციას გამოხატავ,"- ამბობს გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი.
8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით, შეკრება ორბელიანების სასახლის მიმდებარედ გაიმართა, სადაც საგანგებოდ გამართულ სცენაზე მან საზოგადოებას მიმართა და გააცნო ინიციატივა იმის თაობაზე, რომ "შეგროვდეს ხელმოწერები კამპანიისთვის "ჩვენი ხმა ევროპას".
"მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერც ერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით, დიდი ხანია, ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!"- ნათქვამია მიმართვაში.
ზურაბიშვილი, ვის შესახებაც ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ არაფერი გაუკეთებია საქართველოს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ, 9 ნოემბერს პარიზში მიემგზავრება. იქ, "მშვიდობის ფორუმი" ტარდება და ევროკომისიის პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც შეხვდება. ზურაბიშვილმა სცენიდან განაცხადა, რომ ფორუმს პრემიერიც დაესწრება და ამით დეპოლარიზაციის დემონსტრირება მოხდება.
8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გაცხადებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ევროკომისია საქართველოს 9 მოთხოვნას უყენებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა.
ეს მოიცავს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოებას;
პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრასა და პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას;
სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას 2024 წლისთვის;
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუციების გამყარებას. მათ შორის, იგულისხმება უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
სასამართლო სისტემის სრულად რეფორმირება;
ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა და დაცვა;
დეოლიგარქიზაცია და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ უკანასკნელ პუნქტში იგულისხმება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა, მათ შორის მედიისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობებისთვის.