ევროკომისარი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას

ევროპის კავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი უარყოფს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას.

„ამერიკის ხმის“ კითხვას ევრო კომისრის ოფისმა წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ბანაკების აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის შედეგად მიიღო:

„ვიზა-ლიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შემდეგ აკვირდებოდა და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ, როცა საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა.“

კომისრის ოფისი გამრიცხვას ვიზა-ლიბერალიზაციაზე სხვა ფაქტორების გავლენას:

„მხოლოდ და მხოლოდ სამოქმედო გეგმის და მისი კრიტერიუმების შესრულება გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭა,“ ნათქვამია წერილში.

ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში „ამერიკის ხმა“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც რუსულ, და ქართულ მედია საშუალებებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ მის ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა ააშენოს.

ბანაკების საქართველოში აშენების იდეა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრა სებასტიან კურცმა გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ გააჟღერა. როგორც მოგვიანებით, საქართველოში ავსტრიის ელჩმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში განმარტა, მინისტრმა საქართველო „იდეის დონეზე ახსენა.“ ევროპის კავშირიც და საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ბანაკების გაშენება მოლაპარაკების ნაწილი არ ყოფილა და არც ერთ ფორმალურ შეხვედრაზე არ განხილულა.