კვირას, ლიბიის სანაპიროსთან გადარჩენილი 1000 მიგრანტი, იტალიის კუნძულ სიცილიის პორტში მიიყვანეს.
გადარჩენილი მიგრანტები გერმანიის სამხედრო ფლოტის ხომალდ „რაინმა“ კატანიის პორტში მიიყვანა.
წელს, დაახლოებით 29 ათასი მიგრანტი, რომელთა უმრავლესობა აფრიკის სუბ-საჰარის სიღატაკეს გამოექცა, იტალიაში ევროპის სამხედრო ხომალდებმა და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ზღვაში გადარჩენის შემდეგ ჩაიყვანეს.
გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, 2017 წელს, 9 აპრილამდე, საზღვაო გზით, ევროპაში 31993 მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა. მათი 80 პროცენტზე მეტი იტალიაში შედის, დანარჩენი კი ესპანეთში და საბერძნეთში.
გაზაფხულზე, კარგი ამინდის დადგომასთან ერთად, ჩამომსვლელთა რიცხვის გაზრდას ელიან.