ევროკავშირი კრემლის შემაკავებელი ზომებისთვის მზადაა

ევროკომისია მუშაობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე. ბრიუსელი აცხადებს, რომ გაერთანება „მძლავრი“ ზომების მიღებას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დღეს ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.

„სამუშაო პროცესი წინ მიდის, ძლიერი შეკავების მექანიზმისა და ამავე დროს, მძლავრი ზომების მიღების კუთხით, რომლებიც მზად იქნება დიალოგის წარუმატებლობის შემთხვევაში, თუკი რუსეთი არ გადაწყვეტს დეესკალაციას“ - ითქვა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირის პრესსპიკერის თქმით, თუკი რუსეთი მომავალში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მორიგ ნაბიჯს გადადგამს, „ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან ძლიერი... ამას მოჰყვება მძლავრი პოლიტიკური შედეგები და აგრესორს მასშტაბური ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს“.

უკრაინის საზღვარზე ათობით ათასი რუსი სამხედრო და შეიარაღებაა მობილიზებული. დასავლეთის დედაქალაქებში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთი აღნიშნულს უარყოფს.

Your browser doesn’t support HTML5

დასავლეთის პასუხი კრემლის მიმართ ერთიანი და უცვლელია