საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა ბრიუსელში ერთობლივი ბრიფინგით დასრულდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ის შეაფასა, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონე, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ, შეხვედრის შემდეგ ქართულ ენაზე ნათარგმნი ვიდეო და ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად.“
Your browser doesn’t support HTML5
ქართული დელეგაცია, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, კმაყოფილებას აფიქსირებდა მიღწეული შედეგების გამო. „ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანამ ივნისში მიიღო, საქართველოსთვის ძლიერი მოტივაცია და ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა... საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა და ეს საკითხი მოგვარებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის. პროცესში მსგავსი ჩართულობა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც აუცილებელია,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ მმართველმა გუნდმა მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „მე გავუზიარე ჩვენი შეშფოთება პარტნიორებს იმ საკითხების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული წუხილები გაგვაჩნია. ესაა სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მზარდი პოლიტიკური წნეხის საფრთხე საზედამხედველო ინსტიტუტებზე და ოპოზიციურ მედიაზე. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ვსაუბრობთ დასავლურ ფასეულობებსა და ინსტიტუტებზე“.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თბილისიდან, აფასებდნენ რა ბრიუსელის ვიზიტის დეტალებს, კიდევ ერთხელ აღნიშნავდნენ ოპოზიციის პასუხისმგებლობის თაობაზე. „ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობა ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში“. - ამბობს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პირველი პირი და პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს ოპოზიციას.
ჯოზეფ ბორელმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს ევროინტეგრაციისა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით.
„სასამართლო, ადამიანის უფლებები, ომბუდსმენის ინსტიტუტი, თუ ამ საკითხების გარშემო რეფორმები არ იქნება, საქართველო კიდევ უფრო დაზარალდება და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ დააკისრა პასუხისმგებლობა, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
Your browser doesn’t support HTML5
რა წაიღო ბრიუსელში “ქართულმა ოცნებამ”- ესაა კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც უჭირთ პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე წაყენებულ მოთხოვნებს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმ პუნქტებიდან, რაც საქართველოს უნდა დაეძლია, ამ დრომდე გარკვეული ნაწილი უნდა ყოფილიყო შესრულებული, რადგან საბოლოო შეფასების დრო, 2023 წლის დასაწყისისთვის უკვე ამოწურული იქნება. თუმცა, კონკრეტულად, რა პუნქტები შეასრულა საქართველომ, რაზეც პრემიერმა ბრიუსელში ჩაიტანა ინფორმაცია, არ იცის არც ოპოზიციამ და არც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.
მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, მთლიანი პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. „ქართულმა ოცნებამ“ „სამართლიანი არჩევნები“ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში დაბლოკა, რასაც მოჰყვა სხვა ორგანიზაციების პროტესტი. მათ, „სამართლიანი არჩევნებისადმი“ სოლიდარობის გამო დატოვეს ჯგუფები. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამან, ზოგადად, პროცესის გაუმჭვირვალობის ხარისხი გაზარდა.
„ჩვენ არ ვიცით, რა შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“. შესაძლებელია, მათ იციან და კარგი იქნება, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ამის თაობაზე ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, ჩვენც გვცოდნოდა, რა ვალდებულება გვაქვს უკვე შესრულებული. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ჩართულობა. მათთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები,“- ეუბნება „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქარველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
„სამწუხაროდ, ნაკლებად ველით პოზიტივს პრემიერის ვიზიტისგან. საქართველოს ხელისუფლება გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რის გაკეთებას აპირებს, ან აპირებს თუ არა საერთოდ, მოქმედებას ამ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, არ ვიცით. მეორე ნიშანი იმისა, რა გვაიძულებს ვიყოთ პესიმისტები ისაა, რომ მათ გზა გადაუკეტეს საერთაშორისო ცნობადობისა და აღიარების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია დაგროვილი იმ საკითხებზე, რაც 12 პუნქტიან გეგმაშია წარმოდგენილი. მათ შორისაა საარჩევნო რეფორმა. პირველი მოთხოვნაა, დეპოლარიზაციის შესახებ. ხელისუფლებამ არა თუ ნაბიჯები არ გადადგა, არამედ ამწვავებს ფონს და არანაირი მოლოდინი, რომ დეპოლარიზაცია მოხდება საქართველოში არ არსებობს“,- ამბობს “ამერიკის ხმასთან” ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.
Your browser doesn’t support HTML5
ბუნდოვანება და გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პუნქტები შეასრულა საქართველომ 12 პუნქტიანი გეგმიდან, თვალშისაცემია - მიიჩნევენ პოლიტოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა, რომ მათ წარმატება ვუსურვო. ჩვენ სწორედ იმის გამო ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ გვინდა ევროკავშირის სტატუსის მიღება და ვხედავთ, რომ „ოცნება“ ამისთვის არასაკმარისად შრომობს. ამის გამო გვაქვს კონკრეტული კითხვები. თუ ისინი [„ქართული ოცნება“] ფიქრობენ, რომ საკმარისი გააკეთეს და თუ ევროკავშირი მათი მუშაობის შედეგს ჩათვლის დამაკმაყოფილებლად, ეს იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ შეგვეძლება დავუახლოვდეთ ევროკავშირს. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლებმა ჩვენ გვითხრეს სხვა რამ. საჭიროა რეალური დემოკრატიული რეფორმები, სასამართულოში, პროკურატურაში, საარჩევნო სისტემაში. ისინი ფურცელზე დაწერილ სტრატეგიებს კი არ ითხოვენ ჩვენგან. ისინი ითხოვენ, რომ შეიცვალოს მართვის სისტემა და ცხოვრება უკეთესი გახდეს,“- გვეუბნება ეკა გიგაური.
ხათუნა ლაგაზიძეს მმართველი გუნდის ქცევის საილუსტრაციოდ მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც უკრაინისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არც კი გამოჩენილან. ამის გამო, ის ეჭვქვეშ აყენებს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის მადლობების გულწრფელობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.
„ხელისუფლებამ დემარში გამოუცხადა კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი არიან ევროპარლამენტარები, ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. აშშ-დან ყველაა, ფაქტობრივად, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, ვინც ათეული წლები დახარჯა საქართველოს უსაფრთხოებისთვის, აქ იმყოფებოდა. ხელისუფლება მათ უწოდებს ლამის საქართველოს მტრებს, რადიკალურად უარყოფითად განწყობილებს საქართველოს მიმართ. ამ ფონზე რთულად წარმომიდგენია, რომ საქართველოს ხელისუფლება რამე კონკრეტული ნაბიჯებით და შეთავაზებით წასულიყოს ბრიუსელში,“- გვეუბნება ხათუნა ლაგაზიძე.
საქართველო ამ ეტაპზე ჩახსნილია ეგრეთ წოდებული „ასოცირებული ტრიოსგან“. საქართველო, უკრაინა, მოლდოვას სამეულს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დაწინაურებული ქვეყნები იყვნენ, საქართველო გაეთიშა. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს, დამოკიდებულია იმ 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა წარუდგინა. საბოლოო შედეგები, ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში გაცხადდება.