ევროკავშირი და კუბა ურთიერთობების გაუმჯობესებას გეგმავენ

ევროკავშირმა და კუბამ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ბრიუსელსა და ჰავანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. დიპლომატიური ურთიერთობები ევროკავშირსა და კუბას შორის ათწლეულების განმავლობაში, ფიდელ კასტროს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნიადაგზე შეჩერებული იყო.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგეს პარილა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ფრედერიკა მოგერინი, ერთმანეთს 12 დეკემბერს შეხვდნენ.

გასულ კვირას, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ 1996 წლის აქტი შეასწორა, რომლის მიხედვითაც კუბასთან ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ კუბა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

2003 წელს ევროკავშირმა კუბას სანქციები დაუწესა და თანამშრომლობა შეაჩერა, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ ჰავანას მიერ განხორციელებული ზეწოლის მიზეზით. 2008 წლიდან ბრიუსელმა და ჰავანამ ურთიერთობები განაახლეს.