დასავლური მედია ირანს ჟურნალისტების შევიწროვებაში ადანაშაულებს

დასავლური საინფორმაციო სააგენტოები ირანს მათი ჟურნალისტების შევიწროვებაში ადანაშაულებენ და საუბრობენ მზარდ აგრესიასა თუ მუქარაზე ამ ჟურნალისტების თუ ირანში მცხოვრები მათი ოჯახის წევრების მიმართ.

განცხადებაში, რომელიც BBC-იმ "ამერიკის ხმის" ირანულ რედაქციას წერულობით მიაწოდა, საუბარია იმაზე, რომ სააგენტოს ირანული სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები შევიწროვების მსხვერპლნი არიან. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქება დაიწყეს. საპროტესტო ტალღა ირანში 15 ნოემბერს აგორდა და ათეულობით ქალაქი მოიცვა. BBC-ის პრესსპიკერი ამბობს, რომ უცხოური მედიასაშუალებებისთვის მომუშავე ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების შევიწროვება შემაშფოთებელია და მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ამგვარი ქმედებები.

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ჟურნალისტების მიმართ შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაფიქსირდა მუქარის შემთხვევები იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის მუშაობენ, მათ შორის "ბი-ბი-სი"-ს, "ამერიკის ხმის", "რადიო ფარდასა" და სხვა, ლონდონში დაფუძნებული მედიებისთვის, როგორებიცაა "ირან ინთერნეიშენალი", "კაიან ლაიფი" და "მანოტო TV".

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ თეირანის მიერ უცხოელი (უცხოური მედიასაშუალებებში დასაქმებული) ჟურნალისტების შევიწროვებას აქვს ონლაინ თავდასხმების, შეურაცხყოფის და დაპირისპირების სახე.

რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მთავრობამ ძალისმიერი გზებით ჩაახშო პროტესტი, რომელიც გაზის ფასის უეცარი ზრდის პასუხად დაიწყო. "საერთაშორისო ამნისტია" აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურებმა სულ მცირე 143 ადამიანი მოკლეს ქვეყანაში შექმნილი არეულობისას. ირანის ხელისუფლებას მსხვერპლის ოფიციალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია.