ერდოღანი ოპოზიციის წინააღმდეგ

ერდოღანი ოპოზიციის წინააღმდეგ

თურქეთის მთავარი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) შეშფოთებას გამოთქვამს მისი ლიდერის კემალ კილიჩდაროღლუს წინააღმდეგ სავარაუდო სამართლებრივ დევნის და პატიმრობის გამო. პარტიის თქმით, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და ნაწილია თურქეთში მიმდინარე რეპრესიებისა, რომელიც გასული წლის გადატრიალების მცდელობიდან მიმდინარეობს და რომლის შედეგადაც ათობით პარლამენტარი იქნა დაკავებული.

„ეს CHP-ს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა“, - განაცხდა ბულენტ ტეზკანმა ორშაბათს თურქულ გამოცემა „ჩუმჰურიეთთან“ ინტერვიუში. „ნებისმიერმა ნაბიჯმა მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ შესაძლოა გადაგვიყვანოს პერიოდში, როდესაც მთავრობა ვერ მიიღებს მშვიდობას“, - დაამატა მან.

ტეზკანის განცხადება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კომენტარს მოსდევდა. ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა კილიჩდაროღლუ დაკავშირებული იყოს მიმდინარე გამოძიებასთან, რომელიც გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა. სტატიაში სირიაში შეიარაღების მიწოდების პროცესში ერდოღანის მთავრობის კავშირებზე იყო საუბარი.

„ნუ გაგიკვირდებათ, თუ კილიჩდაროღლუ ამასთან იქნება კავშირში“, -განაცხადა კვირას ერდოღანმა. კილიჩდაროღლუს მოკავშირე და პარლამენტის წევრი ენის ბერბეროღლუ ივნისში დააკავეს და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გაზეთში სტატიის გამოქვეყნების ბრალდებით. ბერბეროღლუს დაკავებას, კილიჩდაროღლუს მიერ პროტესტი და 25 დღიანი „სამართლის მარში“ მოჰყვა, რომელიც ანკარიდან სტამბულის მიმართულებით გაიმართა. მარშში მონაწილეობა ათიათასობით ადამიანმა მიიღო და საბოლოოდ, მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.

ერდოღანი აქამდე არ ცნობდა კილიჩდაროღლუს ფიგურას, როგორც მის პოლიტიკურ ოპონენტს. თუმცა ივლისში, გასული წლის გადატრიალების ჩახშობიდან ერთი წლის აღნიშვნის ცერემონიალზე, ერდოღანმა მას გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალა.

„ერდოღანი ისე პასუხობს ამ [კილიჩდაროღლუს] საფრთხეს, როგორც ის ამას აღიქვამს. საყოველთაო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წელია დარჩენილი და ის ხედავს, რომ სათამაშო მოედანი არც ისე გლუვი და ნათელია, როგორც მას სურს“, - განაცხადა სემი იდიზმა, გამოცემა „ალ-მონიტორის“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა.

„ჩვენ შეგვიძლია მოველოდეთ იმას, რომ მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ერდოღანი მთავარი ოპოზიციური ლიდერის მიმართულებით მის რიტორიკას გაამწვავებს. თუმცა წარმოუდგენელია, რომ კილიჩდაროღლუ ციხეში აღმოჩნდეს. ეს ბლოკის გაერთიანებას გამოიწვევს და ერდოღანს ეს არ სურს“, - ამბობს იდიზი.

ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც გადატრიალების ჩახშობიდან საგანგებო მდგომარეობა იქნა მიღებული, სახალხო დემოკრატიული პარტიის (DHP) ლიდერები ფიგენ იუკსეკდაგი და სელაჰატინ დემირტაში დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით. ასევე ციხეშია თურქეთის მეორე მთავარი ოპოზიციური პარტიის 9 დეპუტატი. ისინი განსასჯელს ელოდებიან.

„როდესაც საქმე ეხება კილიჩდაროღლუს, ის შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი“, ამბობს პოლიტოლოგი ჩენგიზ აქტარი. „ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტს, მისი ამომრჩევლების თვალში, ძლიერად წარმოაჩენს. აჩვენებს იმას, რომ მას ისიც შეუძლია, რომ ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტი დააპატიმროს, თან ეს ხომ ათათურქის პარტიაა. სიმბოლურად, ეს ძალიან ძლიერი მესიჯია“, - ამბობს ის.

თურქეთის სეკულარული სახელმწიფოს შემოქმედმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა CHP 1919 წელს დააფუძნა. ერდოღანს შესაძლოა მაღალი ფასის გადახდა მოუხდეს, თუკი ის ამ პარტიის ამჟამინდელ ლიდერს დააკავებს.

„თუ მის დევნას დაიწყებენ, მისი იმიჯი უფრო გაიზრდება ამომრჩევლის და სხვადასხვა თვალში“, - ამბობს იდიზი და საუბრობს იმაზე, რომ დამარცხებული მხარისადმი სოლიდარობა თურქულ საზოგადოებაში მაღალია. „რთული სათქმელია, სურს თუ არა განვითარების და სამართლიანობის პარტიას (AKP) ამ მიმართულებით წასვლა. ამის გადაყლაპვა რთული იქნება. ნუ დავივიწყებთ, რომ თავად ერდოღანმა საკუთარი კარიერა მის მიმართ უსამართლობაზე ააგო, და იყო კიდეც უსამართლო მისი დაპატიმრება“, - აღნიშნავს იდიზი.

ერდოღანს 1999 წელს, თურქი გენერლების მიერ ისლამური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისას 10 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ამბოხისკენ მოწოდება დასდეს პოლიტიკურ დემონსტრაციაზე წარმოთქმული ლექსის გამო. ერდოღანი, სამი წლის შემდეგ, AKP-ს ჩაუდგა სათავეში.

თუმცა, აქტარის თქით, ახლანდელი თურქეთი მაშინდელისგან ძალზედ განსხვავდება.

„სახალხო დემოკრატიული პარტიის (DHP) დეპუტატებს ხმა 6 მილიონმა ადამიანმა მისცა, პარტიის ლიდერები, დეპუტატები და თანა-პრეზიდენტები ციხეში არიან, და ხალხს რეაქცია არ აქვს. იგივე იქნება CHP-ის შემთხვევაში. ხალხი ქუჩაში გამოვა და ამით დამთავრდება. ანუ ისინი ამას გაატარებენ. ვფიქრობ, ყველა ცდილობს რეჟიმს გადაურჩეს“, - ამბობს აქტარი.

პრეზიდენტი და მისი მთავრობა ამბობს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რაც კილიჩდაროღლუს წინააღმდეგ სავარაუდო გამოძიებას უკავშირდება, მხოლოდ სასამართლოს და გამოძიების კომპეტენციაა. თუმცა, ერდოღანის განცხადებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის რაიმე ნიშანი, რომ ის აპირებს კილიჩდაროღლუს წინააღმდეგ რიტორიკის შერბილებას. ამ დროისათვის, ორივე მხარე მსგავსი დევნის დაწყვების შემთხვევაში სავარაუდო შედეგებს აფასებს.

ტექსტი ეფუძნება სტამბოლში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის დორიან ჯონსის პუბლიკაციას.