შეერთებული შტატები და ჩინეთი სათბური გაზების შემცირებას და ინდუსტრიაში ენერგიის გამოყენების ეფექტურობას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიოში სათბური გაზების წარმოების მიხედვით, ჩინეთი პირველ ადგილზე დგას. ამერიკის შეერთებული შტატები დედამიწაზე ენერგიის ყველაზე აქტიური მომხმარებელია. ორი მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ამიერიდან სათბური გაზების შემცირების და ინდუსტრიაში ენერგიის გამოყენების ეფექტურობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა . ამერიკის და ჩინეთის აზრით, დღესდღეობით დედამიწაზე არსებული კლიმატური მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
ინდონეზიაში სტუმრობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა კლიმატური ცვლილებების საკითხს გლობალურ მნიშვნელობას შეძენს:
„ ჩვენ ერთად მსოფლიოში სათბური გაზების ემისიების 40 პროცენტს ვაწარმოებთ. მაგრამ ეს მხოლოდ შეერთებული შტატების და ჩინეთის პრობლემა არ არის. დედამიწაზე ყველა ქვეყანამ უნდა იზრუნოს , რომ ჩვენი პლანეტა სუფთა და ჯანმრთელი ენერგო-რესურსების მომხმარებელი გახდეს.“
ჯონ კერის განცხადებით, მეცნიერული კვლევები მსოფლიოს ქვეყნებს სამომავლო ქმედებისკენ მოუწოდებს:
„ეს პრობლემა დაუძლეველი არ არის. პრობლემა იმაშია, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტა ჭიანურდება.“
ევროკავშირის მოწოდებით, 2030 წლისთვის დედამიწაზე სათბური გაზების გამოყოფა 40 პროცენტით უნდა შემცირდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროსოს განცხადებით, ეს ამბიციური და რეალური მიზანია:
„რეალობამ დაგვანახა, რომ ჩვენ ან ინდუსტრიის მხარეზე უნდა დავდგეთ ან პლანეტის მომავალზე ვიზრუნოთ. მიგვაჩნია, რომ თუ გონივრულად ვიმოქმედებთ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვა.“
ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და გარემოს დამცველი აცხადებს, რომ კარბონ დიოქსიდის გაზების გამოყოფაზე შეზღუდვის გეგმა ქვეყნებს სუფთა ენერგიის წარმოებისკენ ნაკლებად უბიძგებს. ჯეისონ ანდერსონი მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდში ევროპის კლიმატის და ენერგიის პოლიტიკას აკონტროლებს:
„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ მცდელობით ენერგიის გადაცემის საკითხი არ შეყოვნდება. ენერგიის განახლების ამბიციას შესაძლოა ამ სფეროში მოსალოდნელი ცვლილებები ემსხვერპლოს, ეს კი ეკონიმიკის დარგის ერთერთი მზარდი სფერო გახლავთ.“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გამოსვლა ერთერთი პირველია იმ სამომავლო სტრატეგიული ღონისძიებებიდან, რომლებიც სამომავლოდ ნახშიროჟანგის გამოყოფის შეზღუდვას ეხება.
მომავალ წელს პარიზში ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება.