ნინო ნანიტაშვილი ლაურეატია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ახალგაზრდა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა.

დაჯილდოვებულებს შორისაა 23 წლის ქართველი ნინო ნანიტაშვილი - საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელი, ნინო ასევე პირველი ქართველი იყო, ვინც აფხაზი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული თამაშები შექმნა.

"ამერიკის ხმა" დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო.

23 წლის ნინო ნანიტაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის ამომავალ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა:

ევან რაიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე:

“ნინო, ეს ჯილდო გადმოგეცემა იმ ძალისხმევისთვის, რაც შენს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწიე, ამ საქმეში ტექნოლოგიების და შენი უნარების გამოყენებისთვის და 400-მდე ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ!”

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ჯილდო წელს 10 ახალგაზრდას გადასცა. ათივე გამარჯვებული მის ირგვლივ სოციალური ცვლილებების მიღწევას ინოვაციური გზებით ცდილობს.

ახალგაზრდებს ჯილდო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სტენგელმა გადასცა.

რიჩარდ სტენგელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე:

„ლიდერობა იშვიათობაა. ლიდერობა ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, მისთვის ჯილდოს არ მიიღებდით. ამ ჯილდოს გადაცემით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ახალგაზრდები არაჩვეულებრივები არიან. აბრაამ ლინკოლნმა ერთხელ თქვა - მორალური გამბედაობა ბევრად მეტია, ვიდრე ფიზიკური გამბედაობა. სწორედ მორალური გამბედაობაა საჭირო ლიდერობისთვის. ამ ჯილდოთი თქვენს გამბედაობას და მიღწევებს წავახალისებთ.“

გამბედაობასთან ერთად ის რაც გამარჯვებულებს აკავშირებს - მათ ქვეყნებში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწეული ძალისხმევაა, ამბობს ევან რაიანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე:

“მათ დადებითი გავლენა აქვთ მათ ირგვლივ არსებულ გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი საქმიანობა აღნიშვნის ღირსია, რადგან ახალგაზრდებს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა როცა საქმე მათ თემს თუ ქვეყანას ეხება. მოხარულები ვართ, რომ ამ ცერემონიაზე მათი საქმიანობის წარმოჩენა შევძელით.

ძალიან ვამაყობთ ნინოთი და მისი საქმიანობით. მიგვაჩნია, რომ მისმა შრომამ ნამდვილად გამოიღო დადებითი შედეგი საქართველოში.”

ნინო ნანიტაშვილი პროფესიით სოციოლოგია. ადამიანებთან დასაკავშირებლად, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაშორებულ თანატოლებთან დასაახლოებლად ყველაზე ხშირად ის ტექნოლოგიებს მიმართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშია.

ნინო ნანიტაშვილი:

„პირველ რიგში დავამტკიცეთ, რომ ისინი არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულები, მათ აკავშირებთ საერთო ინტერესები. რეალურად დავარღვიეთ სტერეოტიპი, რომ ისინი განსხვავებულები არიან. ვაჩვენეთ, რომ სასიამოვნოა ინტერაქცია მაშინ, როცა არ საუბრობ პოლიტიკაზე და კონფლიქტზე და უბრალოდ ცდილობ კავშირების დამყარებას და ერთმანეთის გაცნობას, ეს ხალხთა შორის დიალოგის ნაწილი გახდა.“

სწორედ მშვიდობის მშენებლობაში ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებისთვის მიანიჭა ნინოს ახალგაზრდა ლიდერის ჯილდო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა

ნინო ნანიტაშვილი:

„არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ხვდები რმ შენს გაკეთებულ საქმეს აფასებს ამერიკის მთავრობა.მე ვარ უბრალოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩემთვის ეს არის კიდევ უფრო ფიფი ბიძგი რომ უფრო მეტი გავაკეთო. დიდი ბედნიერებაა, რომ შემიძლია საქართველო წარმოვადგინო ასეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე“