ემანსიპაციის პროკლამაცია - 150 წლის იუბილე

Lincoln

პრეზიდენტ ლინკოლნის დადგენილების შედეგად შეერთებულ შტატებში მონობა გაუქმდა
გოგონათა გუნდი თავისუფლების ჰიმნს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან ასრულებს. იქ ასობით ადამიანი ემანსიპაციის პროკლამაციის გამოსვლიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველადმა დოკუმენტმა შეერთებულ შტატებში მონობის საბოლოო გაუქმებას დაუდო საფუძველი.
საპატიო სტუმრებს შორის არის პრეზიდენტის უმაღლესი ჯილდოს, თავისუფლების ორდენის მფლობელი, ღვაწლმოსილი კონგრესმენი ჯონ ლუისი. მისი წინაპრები მონები იყვნენ, ამიტომ ბატონი ლუისისთვის დღესწაული განსაკუთრებით ემოციურია.

ეს დრამატულად ასახავს ჩემი ოჯახის რეალობას. მონობაში გაზრდილი ჩემი პაპა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილიშვილის შვილიშვილი 150 წლის შემდეგ კონგრესმენი გახდებოდა და შეერთებული შტატების უმაღლეს ჯილდოს ასევე აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის პრეზიდენტისგან მიიღებდა. ეს ფაქტი იმ წარმატების და პროგრესის დადასტურებაა, რომელსაც ჩვენ, ამერიკელმა ხალხმა, მოკლე დროში მივაღწიეთ,“ - აღნიშნა ცნობილმა უფლებადამცველმა, რომელიც თავის დროზე მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი იყო.

ფაქტია, რომ ამ მოვლენებში მონაწილეობა მთელმა ამერიკელმა ხალხმა მიიღო. ლინკოლნის მსგავსი შორსმჭვრეტელი ლიდერი რომ არ გვყოლოდა, რომელიც ყველა რისკს თავის თავზე აიღებდა, ეს არ მოხდებოდა. ამასთან თავისუფლების იდეა ვერ შედგებოდა დიდი არმია რომ არ გვყოლოდა, რომელიც თავს გასწირავდა. ამას ემატება მონები, რომლებსაც თავისუფლება წყუროდათ და ამის მისაღწევად ყველაფრის გაღებისთვის იყვნენ მზად,“ - ამბობს პროფესორი აიერსი, ისტორიკოსი, რომელსაც უამრავი ახალგაზრდა უსმენს.

ლინკოლნის მემორიალთან მოწყობილი საიუბილეო ღონისძიება თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების წყალობით ათეულობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირდაპირი ეთერით გადაიცა. სტუდენტი ბრიტნი პასმორი მას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ადევნებდა თვალს.

როცა ისინი აბრაამ ლინკოლნზე და მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე სუბრობდნენ, ჩემთვის საინტერესო იყო პარალელების გავლება და დღევანდელ პოლიტიკოსებთან და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან შედარება, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში,“ - ამბობს ის.

ჰოლივუდის მსახიობი, ალფრე ვუდარდი 1861 წელს ერთ-ერთი მონა ქალის დაწერილ მოგონებებს კითხულობს:

მონობა მამაკაცებისთვის საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია ქალისთვის. ბედნიერო თავისუფალო ქალებო...“

მსახიობი ამბობს, რომ ემანსიპაციის პროკლამაცია მხოლოდ დოკუმენტი არ არის, არამედ მთლიანად ამერიკის დასაწყისია, ამერიკაა თავად. ასე რომ, მისი იუბილე მთელი ქვეყნის დღესასწაულია, ყველა ამერიკელს ეკუთვნის.

ამერიკელები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ლინკოლნის ემანსიპაციის შესახებ შექმნილმა პირველმა ხელნაწერმა, რომელიც ახლა შეერთებული შტატების ეროვნულ არქივებში ინახება, ქვეყანაში არამარტო მონების გათავისუფლებას, არამედ ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცვას დაუდო საფუძველი.