2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები, უფრო სწორად კი არჩევნების შედეგები, საქართველოში მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორების ინსპირაცია აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები, ვერ იღებენ პასუხებს იმის თაობაზე, თუ რატომაა ამდენი ოქმი გადაწერილი და რატომ არ ჯდება არჩევნებზე მიმსვლელ ადამიანებსა და მათ მიერ ჩაყრილ ბიულეტენების რაოდენობას შორის ბალანსი, რას აკეთებდნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები საარჩევნო უბნების მიმდებარედ და სხვა და სხვა.
როგორც საპროტესტოდ გამოსული ადამიანების მსჯელობიდან გაცხადდა, ყველაზე რთული და შეურაცხმყოფელი ამ ადამიანებისთვის ის სიჩუმეა, რითაც ცესკოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს პასუხობენ. ცესკო წარმოაჩენს, რომ არსებობს მხოლოდ ცალკეული დარღვევების შემთხვევები, ისეთი, რაც არჩევნების მთლიან შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა. ცესკოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ვინც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, საუბნო ოქმზე გამოყვანილ შედეგზე თანხმობა ხელმოწერით უკვე დააფიქსირეს, ახლა კი დავა, რომ ბალანსს პოსტ-ფაქტუმ არ ეთანხმებიან არარელევანტურია. ხელისუფლება ამბობს იმას, რომ პროტესტის უფლება ადამიანებს აქვთ და შეუძლიათ, რუსთაველის გამზირზე იმდენი დრო გაატარონ, რამდენიც მათ სურთ, კანონიერების ფარგლებში.
კანონიერების ფარგლები კი გამოკვეთილია და პროტესტის მონაწილეებისთვის ეს სივრცე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ამის მაგალითია კომენდანტის საათის დაწესება 9 ნოემბრიდან, ასევე წყლის ჭავლისა და სხვა "პროპორციული" ზომების გამოყენება მომიტინგეთა მიმართ 8 ნოემბერს, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნის დროს.
"ამერიკის ხმა" ერთერთ ბოლო სტატიაში საქართველოდან, წერდა იმ მოლოდინის თაობაზე, რაც საზოგადოებაში იყო შექმნილი. მის თანახმად, ხელისუფლება გეგმავდა კომენდანტის საათის შემოღებას არჩევნების შემდგომ, მაშინ, როცა კოვიდ-შემთხვევების უკიდურესად მკვეთრი ზრდის მიუხედავად, რეგულაციების გამკაცრებაზე უარი განაცხადა არჩევნებამდე. ოპოზიციის წარმომადგენლები ამას ხელისუფლების "რევანშით" ხსნიან და ამბობენ, რომ ეს ნორმა შემოღებულია არა პანდემიასთან, არამედ ოპოზიციასთან ბრძოლის ფარგლებში, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ღამითაც აპირებენ პროტესტის სამოქალაქო უფლებით ისარგებლონ.
კომენდანტის საათი, რაც საღამოს 20-დან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის, სწორედ 9 ოქტობერს საღამოს 10 საათიდან შევიდა ძალაში. საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეები ამ დროს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იდგნენ და ელოდნენ: რა იქნებოდა შემდეგი?
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ვინც ამ ეტაპზე კოვიდ-ინფექციას თავადაც მკურნალობს სახლში, აცხადებს, რომ კანონის დარღვევაზე ყველა მოქალაქე პასუხს აგებს და კანონის შესაბამისად დაისჯება. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციას 9 ოქტომბერს ღამე, მომიტინგეების მიმართ მასობრივი და ხისტი ქმედებებისთვის აღარ მიუმართავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ დამრღვევების მიმართ სანქციები ინდივიდუალურად გამოიწერება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციამ ის კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა. ცხადია, რომ კომენდანტის საათის გამო ქუჩაში პროტესტისთვის გამოსული მოქალაქეები თუ მასობრივად დაჯარიმდნენ, ეს მათ საპროტესტო სულისკვეთებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. 9 ოქტომბრის საღამოს 10-დან 12 საათამდე პოლიციამ სამი პროტესტანტი დააკავა კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
ამ თემაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 9 ნოემბერს, საღამოს. სახალხო დამცველმა ერთმანეთისგან გამიჯნა გამოხატვის თავისუფლების უფლება და გადაადგილების უფლება იმ ნორმაში, რაც ხელისუფლებამ კომენდანტის საათისას გამოიყენა და თქვა, რომ შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეიზღუდოს, მაგრამ გამოხატვის უფლება ადამიანებს არავინ უნდა წაართვას დემოკრატიულ ქვეყნებში.
„განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან,“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.