ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში ხვალ ოპოზიციური პარტიების „რვიანისა“ და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. ამ შეხვედრების ფორმატს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და მან, 2012-2013 წლებში დაგეგმილი ორი უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
ერთის მხრივ, „ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული პარტია“,„თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველები“,„რესპუბლიკური პარტია“,„ეროვნულ -დემოკრატიული პარტია“, „ქრისტიან- დემოკრატები“ და მეორეს მხრივ, მმართველი ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად, ყველაზე რთულ საკითხს, მომავალი არჩევნებზე ახალ, ბიომეტრიული ელექტრონული პირადობის მოწმობების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ.
მოლაპარაკებების წინა რაუნდზე, ეს თემა სერიოზული უთანხმოების საგანი გახდა და ხელისუფლებამ მისი გადადება მოითხოვა. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამბობს:
„16 თებერვალს აუცილებლად მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა. გარკვეული ტაიმ-აუტის მსგავსი ხელისუფლებამ ითხოვა, რასაც პირადად მე, არ შევხვედრივარ, ასე ვთქვათ, კრიტიკული მიდგომით, მთავარია რომ შედეგი დადგეს.
აქედან გამომდინარე, მომავალ შეხვედრაზე უკვე ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა სიების შედგენა და მათი გამოყენება არჩევნებში, იქნება უკვე განხილვის მთავარი თემა და თუ მოვასწარით, შემდეგი თემა არის უკვე საარჩევნო სისტემებზე მსჯელობა.“
ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას სრულიად ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვას სთავაზობს, რომელიც ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება.
ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე დატანილი უნდა იყოს ბიომეტრიული ფოტოსურათი და ასევე მოწმობის მფლობელის თითის ანაბეჭდი. არჩევნების დღეს, სპეციალური მოწყობილობა მხოლოდ ორივე ამ პარამეტრის შემოწმების შემდეგ გასცემს საარჩევნო ბიულეტენს. „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე ამბობს:
„ვერავინ სხვის ნაცვლად ხმა ვერ მისცეს და ვერავინ ერთჯერზე მეტად ვერ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. აი, ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელება შესაძლებელია მოქალაქეთა აღრიცხვისთვის ბიომეტრიული მონაცემების დამატებით.“
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების დაბეჭდვას და 2012 წლის არჩევნებამდე დარიგებას, ოპოზიციის გაანგარიშებით, დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარი დასჭირდება.
ეს ინიციატივა უკვე შეაფასა გერმანელმა ექსპერტმა ოლე ჰოლდველდმა, რომელიც საქართველოში გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ IFES მოწვევით ჩამოვიდა.
უცხოელმა ექსპერტმა ამ იდეის განხორციელებას საკმაოდ რთული უწოდა, რის გამოც ოპოზიციის ერთი ნაწილი სკეპტიკურად განაწყო. მათ შორისაა, „მრეწველების“ პარტიის თავჯდომარე ზურაბ ტყემალაძე:
„იდეა თუ თავიდანვე მკვდრადშობილია და მისი განხორციელება შეუძლებელია მაშინ რა თქმა უნდა იდეა იდეად დარჩება და ვერ განხორციელდება. ექსპერტის მიერ წაკითხული თავისი მოხსენების მიხედვით, მან აბსოლუტურად სკეპტიკურად განგვაწყო ამ ბიომეტრიული მოწმობების გამოყენებაზე საარჩევნო პროცესში.“
სამოქალო რეესტრის სააგენტო ივნისიდან ისედაც იწყებს ძველი პირადობის მოწმობების ახალი ელექტრონული, ბიომეტრიული მოწმობებით ჩანაცვლებას. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, იანვრის ბოლოს გერმანულმა კომპანია Muehlbauer-მა გაიმარჯვა.
წინასწარი ინფორმაციით, ივნისში 100 ათასი ასეთი მოწმობა იქნება მზად, რომელიც 30 ლარი ეღირება. პირველ ეტაპზე, ახალი მოწმობის აღება არ იქნება სავალდებულო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გრაფიკით, ახალი პირადობის მოწმობების შემოღების პროცესი 2016 წელს უნდა დასრულდეს.
როგორც ჩანს, ეს გრაფიკი მისაღებია მმართველი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც არჩევნებში ბიომეტრიული მოწმობების გამოყენებას ასევე ხაზგასმული სკეპტიციზმით უყურებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს:
„ასეთი პირადობის მოწმობების გაცემა ნამდვილად დაიწყება 2011 წლის ივნისის თვიდან, მაგრამ რამდენად მოესწრება რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გაიცეს ასეთი სახის მოწმობები და როგორ მოხდება შემდეგ მათი გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
მე ვფიქრობ, რომ არჩევნების დღეს ამ მოწმობების გამოყენება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. ამიტომ, ამ ნაწილში მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირადობის მოწმობები გამოყენებული უნდა იქნას არჩევნების დღეს ვერ გავიზიარებთ.“
დამოუკიდებლობის 20 წლიანი საარჩევნო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავაც პრობლემაა სამართლიანი არჩევნების უმთავრესი პრინციპი - „ერთი ამომრჩეველი = ერთი ხმა“.
შარშან, 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების წინ, საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგად, საქართველოში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობამ - 3 544 770 მოქალაქე შეადგინა.
3 600 000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული 1990 წელსაც, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს. უცნაურია მხოლოდ, რომ 20 წლის უკან მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში 5 443 000-ს აღემატებოდა, მაშინ როცა დღეს, ქვეყანაში მილიონით ნაკლები, მხოლოდ 4 436 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობა მაინც იგივეა.
ამ ფონზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტაციებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა მომავალში გამოირიცხოს საარჩევნო პროცესის ბოიკოტირების ან არჩევნების საბოლოო შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობა.