მსოფლიოს რეაქცია ობამას პრეზიდენტად არჩევაზე

საზოგადოებრივი აზრის საერთაშორისო გამოკითხვებში ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს გამოკითხულთა 75%-ი უჭერდა მხარს
შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამას ხელმეორედ არჩევამ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზღვარგარეთ ბარაკ ობამა გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.

საზოგადოებრივი აზრის საერთაშორისო გამოკითხვებში ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს გამოკითხულთა 75%-ი უჭერდა მხარს.

ლონდონელთა უმეტესობა კმაყოფილებას ვერ მალავას ბარაკ ობამას გამარჯვების გამო: „ჩემი აზრით ეს კარგი შედეგია. ამერიკის გარეთ მთელი მსოფლიო სწორედ ასეთ შედეგს ელოდა,“ - ამბობს ლონდონელი მამაკაცი.

არჩევნების ამგვარი შედეგით ქალბატონებიც კმაყოფილნი არიან: „ის ამერიკის ძლიერი ლიდერია და ხალხის სურვილებს ითვალისწინებს, მას კეთილი მიზნები აქვს და ჩემი აზრით ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს.“

როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის ექსპერტი ჯეიმს ბოუი აცხადებს: „ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით ხალხი კმაყოფილია, რადგან საგარეო პოლიტიკაში ის ევროპის მეგობრად არის ცნობილი.“

მსოფლიოს ლიდერებმა ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იორდანიაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. მისი თქმით: „აქ იორდანიაში მე ბევრი რამ მოვისმინე სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და ბარაკთან პირველ რიგში ამაზე მინდა დალაპარაკება. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ კრიზისის მოსაგვარებლად.“

პრეზიდენტ ობამას გამარჯვება რუსეთის და გერმანიის ლიდერებმაც მიულოცეს. მათ არც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ ის რომნის მეგობრად ითვლება, ობამას გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელის ალიანსი არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე როგორიც დღეს არის.

ამ აზრს იზიარებენ ჩვეულებრივი ებრაელებიც: „ის კარგია ისრაელისთვის, რადგან ჩვენ გვიჭერს მხარს და ყოველწიურად მილიარდობით დოლარს და ულტრათანამედროვე იარაღს გვაწვდის.“

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არ მალავენ თავის უკმაყოფილებას: „ეს აბსოლუტური ტრაგედიაა. მე ორი გოგონა მყავს და შვილიშვილები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და კარგად ვიცი ობამას მიზნები.“

ქაიროს მცხოვრებლები ობამას მეორე ვადით არჩევას განსხვავებული განწყობით შეხვდნენ: „ქაიროს უნივერსიტეტში მან კარგი სიტყვა წარმოთქვა ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი სიტყვები მხოლოდ დაპირებად დარჩა.“

მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნების მაცხოვრებლები ძირითადად დადებითად შეხვდნენ არჩევნებში ობამას წარმატებას. ქაბულში მისი იმედი აქვთ: „ობამას გამარჯვება ავღანეთის მომავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მას ომის დამთავრება და ჯარების გაყვანა სურს, რაც ავღანელების ინტერესებშიც შედის.“

მართალია, უცხოელებს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ, მაგრამ შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო მარათონს ისინიც გულდასმით აკვირდებოდნენ, რადგან მათთვისაც მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი.