ფრე არჩევნები ახალი დასკვნებისთვის

ფრე არჩევნები ახალი დასკვნებისთვის

ცხინვალში თვის ბოლოს კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება. ამჯერად შეჯიბრი პრეზიდენტობის მხოლოდ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. ორივე ყოფილი მინისტრია, ანატოლი ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების და ალა ჯიოევა განათლების. ცხინვალელი საზოგადოებისთვის ორივე კარგად ნაცნობი პერსონაა. მათ 13 ნოემბრის არჩევნებში, ფაქტობრივად თანაბარი შედეგი აჩვენეს, თუ არ ჩავთვლით ხმათა შვიდ მეასედ პროცენტს. სწორედ ამდენით გაუსწრო ხელისუფლების ფავორიტმა კანდიდატმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომლის ასეთ წარმატებას არჩევნებში ნაკლებად წინასწარმეტყველებდნენ.

რა ხდება ცხინვალში? დე-ფაქტო რესპუბლიკაში, სადაც რუსეთის სურვილებს ყოველთვის პატივს სცემდნენ და სადაც, არსებული სტერეოტიპის თანახმად, არაფერი არ შეიძლება შეიცვალოს რუსული რეზოლუციის გარეშე. „ცხინვალი აფხაზეთი არაა, რომელიც ცდილობს საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვას, ცხინვალში მოსკოვის დირექტივებს უაპელაციოდ ასრულებენ“, - არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი შეფასება. სწორედ ამგვარ გარემოში ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნებში ხმათა საკარისი რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო საიმისოდ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. ამ შემთხვევიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ცხინვალში საზოგადოება თავად წყვეტს საკუთარ ბედს? ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან სუბრისას ამბობს, რომ ცხინვალის არჩევნების შედეგები მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. „ჩვენ ვვარაუდობდით, რომ არჩევნები შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ან ხმათა გარკვეული პროცენტი აეღო ოპოზიციურ კანდიდატს, მაგრამ არა ჯიოევას, ვვარაუდობდით ასევე, რომ არჩევნები თუ არ ჩაიშლებოდა, ბიბილოვი უპირობო გამარჯვებული იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენც ვერ ვაფასებთ იქ არსებულ რეალობას ჯეროვნად. როდესაც ჩვენ ვსუბრობთ არჩევნებზე, ვცდილობთ, სასარგებლო დასკვნები გავაკეთოთ იმ საინტერესო ვითრების შესახებ, რაც ცხინვალშია შექმნილი. აქ, რა თქმა უნდა არ იგულისხმება თავად არჩევნების ლეგიტიმურობა,“- ამბობს ექსპერტი.

საქართველო და რუსეთი ცხინვალში წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო და მთავარი იმდენად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ ალა ჯიოევას სარეკლამო რგოლშიც კი ისმოდა ამის შესახებ. „საქართველომ თუ მოახერხა შეექმნა მსოფლიოსთვის 9 აპრილის სინდრომი, ჩვენც მოვახერხოთ ოსური სინდრომის შექმნა, რათა ვინმემ მაინც გაიგონოს ჩვენი ხმა ამქვეყნად“,- ესაა ამონარიდი 1990 წლის ერთ-ერთი მიტინგის ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც ალა ჯიოევას წინასაარჩევნო რგოლში წელს მოხვდა.

რამდენად აქტუალურია დღეს ცხინვალში ანტიქართული რიტორიკა და რამდენად გაყიდვადი იქნება იგი წლევანდელ არჩევნებზე, ამას ორიოდე კვირაში ვიხილავთ. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 13 ნოემბრის არჩევნებმის შედეგი საინტერესო გაკვეთილია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცხინვალში 27 ნოემბერსაა დაგეგმილი.