ბუნდოვანი საარჩევნო კანონმდებლობა

ბუნდოვანი საარჩევნო კანონმდებლობა

კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, ბუნდოვანი ნორმების მთელი წყებით შეიძლება მხოლოდ ჰოროსკოპს შევადაროთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საკანონმდებლო სივრცესთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებენ, ამჟამად საჭიროდ მიიჩნევენ დაკავდნენ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიით, რათა არჩევნებთან დაკავშირებით შესული ცვლილებებიდან გამომდინარე რიგითი მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ სამართლებრივი დევნის ობიექტები.

საქმე იმაშია, რომ ახალ კანონში არსებული ჩანაწერი „პარტიასთან კავშირში მყოფი“, შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერ მოქალაქე საქართველოში და მას დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კანონის თანახმად, პარტიასთან კავშირში მყოფი პირის დეფინიცია იმდენად ყოვლისმომცველია, რომ შესაძლებლობას იძლევა პარტიასა და მოქალაქეს, ან იურიდიულ პირს შორის კავშირი თითქმის ნებისმიერ შესაძლებლობაში დადგინდეს... მათზე შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი ვრცელდება, რაც თავად პარტიებზე. მაგალითად, ასეთად მიჩნეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება არ აქვთ შემოსავალი მიიღონ სამეწარმეო საქმიანობიდან, ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრედიტის აღების უფლება; მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს კონტროლის პალტა,“– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ერთობლივ განცხადებაში, რომელისაც ხელს აწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონის ბუნდოვანება მისი ინტერპრეტირების თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა. „ვინ არის პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში მყოფი პირი? ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც პოლიტიკურ პარტიაშია გაერთიანებული? მისი ბიძაშვილი? თანამშრომელი? მეგობარი? ამის განმარტებას კანონი არ იძლევა. სამაგიეროდ, კანონი ამბობს, რომ თუ ასეთმა პირმა აწარმოა სამეწარმეო საქმნიანობა, მას სისხლის სამართლის პარუხისმგებლობა დაეკისრება,“– განმარტავს ეკა გიგაური.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ყოველი დეტალი თვეების მანძილზე მუშავდებოდა პოლიტიკურ პარტიებთან და ვენეციის კომისიასთან. მას შემდეგ კი რაც იგი ძალაში შევიდა, ვენეციის კომისიის წევრებმა მასში ისეთი საკითხები აღმოაჩინეს, რომელთა შესახებ ერთობლივი მსჯელობა ქართულ მხარესთან საერთოდ არ ჰქონიათ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფროსის მოადგილე ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ კანონის ამგვარი ცვლილება კონფლიქტში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებასთან. „ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც მიიღებს პოლიტიკური პარტიის წევრისგან რაიმე ტიპის საჩუქარს, მიეცემა პასუხისგებაში. ამასთან, ეს ნორმა არ ვრცელდება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, არამედ მუდმივია,“– ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია გეგმავს ხელახლა მიმართოს ვენეციის კომისიას და საერთაშორისო სასამართლოს და ამგვარი გზით მიაღწიოს ცვლილებებს კანონში, რადგან მათი აზრით, არჩევნების ჩატარება ასეთი რეგულაციების ფონზე მხოლოდ არაჯანსაღი და არაკონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.