2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ამ დრომდე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ არის მიღწეული შეთანხმება თუ რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი - პროპორციული თუ შერეული
პოლიტიკური პროცესი დაძაბულ ვითარებაში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მოლაპარაკებები მთავრობასა და ოპოზიციას შორის დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთი კონსტრუქციული წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესისგან. მთავრობამ საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო კრიტიკული რეკომენდაციები დაიმსახურა ევროპელი პარლამენტარებისგანაც.
"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ დასავლეთში გაკეთებულმა განცხადებებმა დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს პროცესებზე.
"ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებაზე - იქნება, თუ არა ის მზად სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩაატაროს არჩევნები. ყველასთვის ნათელია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა პარტიაში მიმდინარე შიდა დისკუსიის, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილების ნების არარსებობის შედეგი იყო. დღეს, მმართველი პარტიის განცხადებები უკვე ნათლად ადასტურებს, რომ მათ სრულიად გააზრებულად ჰქონდათ გადაწყვეტილი პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდება. ამრიგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების მისაღწევად საჭიროა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება. ამ ნების შექმნა, კი შესაძლებელია, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ზეწოლით და საარჩევნო სისტემის ცვლილების მტკიცე მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომლებიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული გამოწვევებით და უკან გადადგმული ნაბიჯებით,"- ამბობს ბენიძე.
მიხეილ ბენიძე ასევე ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების მხრიდან დაინტერესება უფრო გაიზრდება.
"ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ წერილებიდან ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, რომ რამდენიმე მათგანში იყო ნახსენები არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ეს სიტყვა შემთხვევითი არაა და მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან ამავე კურსის გაგრძელებისა და საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში და საერთაშორისო თანამეგობრობას გაუჩნდეს სერიოზული კითხვები 2020 წლის არჩევნებისლეგიტიმურობასთანდაკავშირებით,"ამბობს ბენიძე
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და ის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელობით 2012 წელს ადარებს.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და მაღალკონკურენტული არჩევნები იქნება. ცხადია, რომ ეს არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას და გამოცდას ქართული დემოკრატიისათვის და მან შესაძლოა დიდწილად განსაზღვროს საქართველოს სამომავლო განვითარება და საგარეო ორიენტირები მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს მაღალი სტანდარტით თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში. კრიტიკულად აუცილებელია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება ზეწოლისა და ძალადობის გარეშე და ადგილი არ ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სხვა უსამართლო პრაქტიკას,"- ამბობს ბენიძე.
"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების მიმართ საქართველოში ნდობა ჯერ კიდევ მაღალია.
"მართალია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გაზრდილია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ საარჩევნო კუთხით პროგრესი ჯერ კიდევ არ არის შეუქცევადი. ამის ნათელი მაგალითი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ვიხილეთ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მზარდი ტენდენცია,"- ამბობს ბენიძე.