ბელგრადში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ორშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კვირას გამართული აქციისას შეტაკებებისას 8 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 38 დემონსტრანტი.
აქციის მონაწილეები გასულ კვირას გამართული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი.
დემონსტრანტებმა ქალაქის მერიის მთავარი შესასვლელის ფანჯრები და კარები ჩაამსხვრიეს, მოგვიანებით პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა და შეკრებილები დაშალა.
ივიცა ივკოვიჩი, პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორი პოლიციელი სერიოზულადაა დაშავებული.
"ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სიმშვიდისა და წესრიგის შესანარჩუნებლად და მოველით, რომ გასული ღამის პროტესტთან დაკავშირებით კვლავ ვიხილავთ დაკავებებს", - თქვა მან პრეს-კონფერენციაზე.
სერბეთის მოკავშირე რუსეთმა მოვლენები უკვე შეაფასა, როგორც უცხო ქვეყნების ძალების ჩარევით წაქეზებული პროცესი.
"არსებობს მცდელობები მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის, საზღვარგარეთიდან იმისთვის, რომ ბელგრადში მსგავსი არეულობის პროვოცირება გამოიწვიონ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყნის მეთაურები კანონის უზენაესობას დაიცავენ", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა.
ასევე ნახეთ: სერბეთის ოპოზიცია ევროკავშირს მოუწოდებს არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისერბეთის პრემიერმა, ანა ბრნაბიჩმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მადლობაც გადაუხადა იმისთვის, რომ "ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ცნობები მიაწოდა".
ოპოზიციური პარტიები პოლიციას ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, ზოგიერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები ქალაქის მერიასთან დემონსტრანტებს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ უსამართლოდ მოიპოვა უპირატესობა როგორც მიკერძოებული მედიის, ისე პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გავლენის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვა დარღვევების მეშვეობით. თუმცა, სერბეთის მთავრობა ყველა ტიპის დარღვევას უარყოფს.
ოპოზიცია კი, რომელსაც მემარცხენე ცენტრისტული ალიანსი - "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და სტუნდენტები მოძრაობის შეზღუდვასაც აპირებენ.
ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გასული კვირის ვადამდელ არჩევნებში "სერბეთის პროგრესულმა პარტიამ" ხმათა 46.72 % მიიღო. ოპოზიციურმა ალიანსმა კი მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 23.56 % მიიღო. მესამე ადგილზეა "სოციალისტური პარტია" - 6.56 %.