შეტაკება ეგვიპტეში

ანტისამთავრობო გამოსვლის დროს, მას შემდეგ რაც საქმეში უსაფრთხოების ძალები ჩაერია, ქაიროში ერთი ადამიანი დაიღუპა
პარასკევის ტრადიციული ლოცვის რიტუალის შემდეგ ეგვიპტეში ისევ შეტაკებები მოხდა. ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის მომხრეებმა კვლავ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია სამხედრო ძალების მიერ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტის გადაყენებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, მას შემდეგ რაც საქმეში უსაფრთხოების ძალები ჩაერია, სროლების შედეგად ქაიროში ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასობით მუსლიმთა საძმოს წევრთა დაპატიმრების მიუხედავად, ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები საპროტესტო აქციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ. ქაიროში, თაჰრირის მოედნისკენ მიმავალი დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. ეგვიპტის ძალოვანი სტრუქტურები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციის დაშლა ქვეყნის „ტერორისტებისგან“ დაცვის საქმეს ემსახურება.