გენარალი ფათა ელ-სისი მილიონობით ეგვიპტელის თვალში ერის გადამრჩენია, რომელმაც პრეზიდენტი მოჰამედ მორსი დაამხო
Your browser doesn’t support HTML5
ეგვიპტელი გენერალი აბდელ ელ-სისი წარმოჩნდა, როგორც გარდამავალი მთავრობის წამყვანი სამხედრო ხელმძღვანელი. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეთ აროტი იტყობინება ქაიროდან, გენერალი უეცრად გახდა ცნობილი, როცა გასულ წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა მორსიმ ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად შეარჩია, ხოლო მან კი, მისივე გადაყენებაში მიიღო მონაწილეობა.
გენარალი აბდელ ფათა ელ-სისი მილიონობით ეგვიპტელის თვალში ერის გადამრჩენი, კაცი, რომელმაც დაამხო პრეზიდენტი მოჰამედ მორსი, გააუვნებლა თავაშვებული ისლამიზმის საშიშროება და მიმართა ეგვიპტე მისი ჭეშმარიტი გზისკენ.
მხარდამჭერები მის პორტრეტებს ატარებენ. ხეზე მომუშავე მხატვარი ალი ელ ღაზარი მისი პორტრეტის მიხედვით სკულპტურას ქმნის.
"მადლობას ვწირავთ ღმერთს გენერალი ელ-სისისთვის. შესაძლო იყო სამოქალაქო ომი. მაგრამ ზეცაში ყოვლისშემძლე ღმერთს სურდა ტერორიზმის განადგურება."
გენერალ ელ-სისის დროს, სიტყვა "ტერორიზმი", ბევრისთვის ბატონი მორსის და მისი მხარდამჭერების აღმნიშვნელი კოდური სიტყვაა. გასაკვირი არაა, რომ ისლამისტები გენერალს სულ სხვაგვარად აღიქვამენ.
სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი იბრაჰიმ სუილამი ამბობს, რომ სახეზეა "სისის კულტი" და ამას საშინელებად მიიჩნევს.
"ეს ფოტოები პროპაგანდისტულია. ეს ჩემში ზიზღს იწვევს. ეს ჩემში იწვევს შეგრძნებას, რომ მე ვუმზერ პიროვნებას, რომელმაც მოიპარა ჩემი ნება, მოიპარა ჩემი თავისუფლება და დახოცა ჩემი ძმები."
თითქმის ყველასათვის უცნობი 58 წლის კაცის ლოიალობის შესახებ, რომელიც ბატონმა მორსიმ გასულ წელს თავდაცვის მინისტრად შეარჩია, თავიდან არაფერი იყო ცნობილი. მას არაფერი უთქვამს სამხედროების დასაცავად, როცა ბატონმა მორსიმ საკუთარ თავს მიანიჭა საგანგებო უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციის მისაღებად.
და როცა აპრილში ელ-სისიმ სთქვა რომ: "ხელი, რომელიც ნებისმიერ ეგვიპტელს ზიანს მიაყენებს - უნდა მოიკვეთოს", მორსის მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც ჩათვალეს, რომ ის მათ მხარეს იყო.
მერე, სამ ივლისს, ბატონი მორსის წინააღმდეგ გამართული რამდენიმე დღიანი ხალხმრავალი პროტესტების შემდეგ, პრეზიდენტი აღარ იყო თავის პოსტზე და გენერალ ელ-სისი მიიჩნეოდა მომავალ პრეზიდენტად.
ამის შემდეგ ცნობილი გახდა ისლამისტი პრეზიდენტის გამო სამხედროების შეშფოთების შესახებ, რამაც დამაჯერებლობა შესძინა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ხდებოდა კულისებს მიღმა შეხვედრები მორსის მოწინააღმდეგე მომიტინგეებთან, რომლებსაც მოთმინების ფიალა აუვსო ისლამიზმის ზრდამ და ეკონომიკის ვარდნამ.
გენერალ გამალ აბდელ ნასერით დაწყებული, რომელმაც უხელმძღვანელა მონარქიის საწინააღმდეგო პუტჩს, ანვარ სადათით და ჰოსნი მუბარაქით დამთავრებული, სამხედროები ინარჩუნებდნენ სტაბილურობას ეგვიპტეში, თუმცა განვითარების გარეშე.
მაშინაც კი, როცა ბატონი მუბარაქით უკმაყოფილებამ მისი დამხობა გამოიწვია - ხალხი მიესალმა უმაღლეს სამხედრო საბჭოს, როგორც: თუნდაც დროებით მმართველს. ზოგიერთისთვის ეს დამთრგუნველი დინამიკაა, რომელიც უბრალო ეგვიპტელებს აშორებს მმართველობაში მონაწილეობას. ადამიანის უფლებათა მკვლევარი პრიანკა მოთაფართი:
"წინსვლისთვის საჭიროა შეიქმნას და სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიხედოს ის სასიცოცხლო დოკუმენტები, რომლებმაც უნდა ჩამოაყალიბონ ეგვიპტის საზოგადოებრივი ცხოვრება - როგორებიცაა-კონსტიტუცია, გამოხატვის უფლება, თავისუფალი მედიის უფლება."
გენერალ ელ-სისის მიმართ გაუნელებელი მოწიწების პირობებში, უცნობი რჩება, მიანიჭებს ის ხალხს ნამდვილ ძალაუფლებას თუ კვლავ მოუწევთ ამის მოთხოვნა.