ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს რუსეთში დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ცდილობენ იმის პროგნოზირებას თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი სცენარის განვითარება რომელიმე მეზობელ სახელმწიფოში. მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში შუა აზია ყველაზე ფეთქებადსაშიშ რეგიონად ითვლება. პოსტ-საბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი აღნიშნავს, რომ ტუნისისა და ეგვიპტის სცენარის გამეორება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული გარემოებების თანხვედრის შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტა პრევენციულ ზომებს არ მიმართავს.
ვლასოვს მიაჩნია, რომ პრევენციული ზომები შეიძლება ორი მიმართულებით წარიმართოს. პირველს რელიგიური დიალოგი წარმოადგენს. „რადგან ისლამიზაციის პროცესი, განსაკუთრებით რეგიონის ახალგაზრდობაში, ძალიან აქტიურად ვითარდება და აკრძალვითი ზომების მიღება სიტუაციის ოპტიმიზაციას ალბათ ხელს არ შეუწყობს,“ აღნიშნავს ვლასოვი.
მეორე მიმართულებას კი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განვითარება წარმოადგენს. რუს ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ მხრივ ყაზახეთს ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. უზბეკეთიც გარკვეულ რესურსებს ფლობს. „ხოლო ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ამის განხორციელება შეზღუდული რესურსების გამო ბევრად უფრო ძნელი იქნება,“ აღნიშნა ვლასოვმა.
რუსი ექსპერტის აზრით, მდგომარეობის განვითარებაზე გარკვეულ ზეგავლენას გარე ფაქტორებიც ახდენს. „გასაგებია, რომ, როცა ლაპარაკია ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარ მოვლენებზე, შიდა პრობლემების გარდა გარკვეულ როლს გარე პირობებიც თამაშობდა,“ აღნიშნავს ვლასოვი. შუა აზიის რეგიონის მთავარ ქვეყნებში - ყაზახეთსა და უზბეკეთში - მდგომარეობის სისტემურ დესტაბილიზაციაში გარე მოთამაშეებისგან ჯერ-ჯერობით არავინ არის დაინტერესებული. „უწინარეს ყოვლისა ეს ავღანეთის პრობლემის მოუგვარებლობით არის განპირობებული და აგრეთვე იმით, რომ თუ ავღანეთის დესტაბილიზაცია შუა აზიას მოედო, მაშინ ეს რეგიონი დაძაბულობის კერად გადაიქცევა, რომლის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება მიუხედავად იმისა ვინ იქნება ჩართული ამ პროცესში - ჩინეთი, რუსეთი თუ დასავლეთი,“ აღნიშნა ვლასოვმა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პოლიტიკური ისლამის სპეციალისტი ბორის დოლგოვი არ გამორიცხავს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებში ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენების სცენარის მიხედვით განვითარდება. ამის მთავარ მიზეზად იგი შუა აზიის სახელმწიფოებში მომწიფებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს. თუმცა დოლგოვი იქვე აღნიშნავს, რომ ტუნისისა და ეგვიპტის სცენარი შუა აზიაში ზუსტად არ გამეორდება. „იქ ხომ ჩამოყალიბებული და ფართო მხარდაჭერით აღჭურვილი ოპოზიცია არც არსებობს, ხოლო მმართველი რეჟიმები საზოგადოების მაჯის ცემას აკონტროლებენ. თუმცა მომავალში ამგვარი შესაძლებლობის აბსოლუტური გამორიცხვა მართებული როდია,“ დაასკვნა ბორის დოლგოვმა.
რაც შეეხება შუა აზიის რეგიონში ისლამისტურ მოძრაობას, რუს აღმოსავლეთმცოდნეს მიაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამო ისლამისტური მოძრაობა მომძლავრდება. „ისლამისტები ყველაფერს გააკეთებენ და ამ რესპუბლიკების ისლამიზაცია გაგრძელდება. რაც შეეხება კონკრეტულად ტაჯიკეთს, იქ სახეზეა გარე მხარდაჭერა, განსაკუთრებით ირანის მხრიდან,“ დასძენს დოლგოვი.