გაეროს უშიშროების საბჭომ, 29 ნოემბერს, სპეციალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული, წელს უკვე, რიგით მეცხრე საგანგებო შეხვედრა იყო. ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე შორ რადიუსიანი რაკეტა ცოტა ხნის წინ გამოსცადა. ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ ბირთვული იარაღის წარმოების და მისი გამშვები მეთოდების შემუშავება სურს.
ამერიკის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრა, რომ მსოფლიო კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. მან საბჭო უპრეცედენტო ზომების მიღებისთვის შეაქო და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ექსპორტის შემცირება ქვეყნის ომის მანქანის დაფინანსების შემცირებაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს. მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს მკაცრ ზომებს, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა, სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება და სავაჭრო ურთიერთობების დასრულება.
თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოქმედების კურსი შეცვალოს. ზოგიერთი ქვეყანა გაეროს სანქციებს გვერდს უვლის და მთი შესრულებისგან თავს იკავებს.
ჰეილის თქმით, უფრო მკაცრი ზომების მიღების დრო დადგა. საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური კავშირები ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს. ასევე, ყველამ უნდა შეაჩეროს ვაჭრობა ჩრდილოეთ კორეასთან. ყველა ქვეყანამ კი, სადაც ჩრდილოეთ კორეელი მუშები მუშაობენ, ისინი უნდა დაითხოვოს და სამშობლოში დააბრუნოს.
ამერიკის ელჩმა ჩინეთს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეისთვის ნედლი ნავთობის მიწოდება შეწყვიტოს, ისე, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. მაშინ ამ ნაბიჯიდან რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებაში ჩართვას დათანხმდა. ჰეილის აზრით, ფხენიანის წინააღმდეგ მკაცრ ზომებში ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევაც უნდა შევიდეს.
ბევრმა ქვეყანამ გაიღო დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მსხვერპლი ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების შეჩერებით. მათ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან. "დღეს ჩვენ ჩინეთის პრეზიდენტ შის ვთხოვთ იგივე ნაბიჯი გადადგას", განაცხადა ამერიკის წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
ჰეილის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას საშუალება აქვს ჩრდილოეთ კორეის მთვარობის უფრო მკაცრი იზოლაცია მოახდინოს და ღვთის წყალობით ფხენიანის რეჟიმის ეს საშიში ტრაექტორია შეცვალოს. "საერთო საქმეში ჩვენ ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ მიზნის მისაღწევად."
ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.