როგორ აფასებენ შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და რა სამომავლო პროგნოზებს აკეთებენ ფონდის ექსპერტები?
Your browser doesn’t support HTML5
გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი სურათი მოსალოდნელზე უფრო ცუდად გამოიყურება, რაც გამოწვეულია განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებით და ევროპაში გაღრმავებული რეცესიით. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვარტალური ანგარიშის ზოგადი მონახაზი. თუმცა, მომავალს ვაშინგტონში მდებარე ფონდის წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ და მდგომარეობის გაუმჯობესებას ძალიან მალე, უკვე მომდევნო წლის დასაწყისში ელიან.
მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იმაზე ნაკლებად მოხდა, ვიდრე თვითონ ფონდის ექსპერტები იმედოვნებდნენ. ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2013 წლის პროგნოზის გადახედვა მოუწია და წინა ანგარიშთან შედარებით სამომავლო ზრდა შედარებით მოკრძალებულად წარმოადგინა. საბოლოო ჯამში ფონდი 2013 წელს გლობალური ეკონომიკის 3.1 პროცენტით ზრდას მოელის, 2014-ში კი 3.8 პროცენტით. ეს კი სულ 3 თვის წინ გაკეთებულ ანგარიშთან შედარებით ორივე წელს 0.2 პროცენტით ნაკლებია.
ფონდის წამყვანი ეკონომისტი, ოლივიე ბლანშარდი ამბობს, რომ მონაცემების გადახედვაზე და მათ შეცვლაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა.
“ყველაზე დიდი გავლენა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამ მოახდინა. მაგრამ ასევე ყურადსაღები იყო ევროზონაში მიმდინარე მოვლენები“ - აღნიშნავს ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
მოთხოვნა საქონელზე და სერვისებზე მთელ მსოფლიოში შემცირდა, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებში. ფინანსურმა კრიზისმა და მკაცრმა საბიუჯეტო შეკვეცებმა 17 წევრისგან შემდგარი ევროზონის ისტორიაში აქამდე არნახული მასშტაბის, ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. პიტერ მაკგვაიერი, აზიის ბაზრების სტრატეგი კომპანიიდან „ბაქსტერ ეფ-ექსი“, აღნიშნავს, რომ ეს ლოგიკური შედეგი იყო.
„გასაკვირი არ არის. ზრდის შენელების პირობებში გლობალური მოთხოვნაც შესაბამისად მცირდება. ევროპა კი იმ პოზიციაში, რომელშიც ის აღმოჩნდა, პროცესებს კიდევ უფრო ანელებს და ეს ყოველივე მთელი ზონის ეკონომიკური ზრდის სურათზეც ნეგატიურად აისახება“ - ამბობს ანალიტიკოსი.
ექსპერტების აზრით, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთგვარ ჩაკეტილ წრეშია მოქცეული. მოთხოვნის შემცირებამ ეკონომიკის ზრდის შენელება შედარებით სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც გამოიწვია. საუბარია ე.წ. „ბრიქსის“ ბლოკის სახელმწიფოებზე, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი შედის.
ოლივიე ბლანშარდი აღნიშნავს, რომ ამ ყოველივემ ზემოქმედება მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებზეც მოახდინა.
„თუკი მაგალითად, „ბრიქსის“ ქვეყნებში, ნავარაუდევთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლები ზრდაა, ეს შეერთებული შტატების ეკონომიკაზეც მოქმედებს და იქ კლება საშუალოდ პროცენტის ნახევარს შეადგენს. ასე რომ, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ეკონომისტი.
უძრავი ქონების ბაზრის და უმუშევრობის შესახებ გამოცემული პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, შეერთებული შტატების ეკონომიკასაც ფონდი ოდნავ ნაკლებ, მაგრამ სტაბილურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფედერალური რეზერვების ბანკს სავალუტო პოლიტიკის გადახედვას სთხოვს, რომელიც რეკორდულად დაბალ საპროცენტო განაკვეთს ინარჩუნებს. ბლანშარდის თქმით, მართალია, შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზოგიერთ ქვეყანას პრობლემას შეუქმნის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკის გაჯანსაღების მაჩვენებელი იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკური გაჯანსაღება ძალიან მალე, 2014 წელს დაიწყება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები შესაბამის ფინანსურ და ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებენ.