საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ, რომელმაც რეგიონში რუსული საფრთხის გარშემო დისკუსია განაახლა, ევროკავშირში შვედეთის და პოლონეთის ინიციატივით, 2009 წელს, ახალ პროგრამას, "აღმოსავლეთ პარტნიორობას" ჩაეყარა საფუძველი. პროგრამა საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროკავშირთან უფრო დაახლოებას ისახავდა მიზნად. მაშინ ბევრმა, მათ შორის, მოსკოვშიც, ეს ინიციატივა მიიღო, როგორც გაერთიანების მცდელობა წინ აღდგომოდა რუსეთს რეგიონში. ევროკავშირი ამ მოსაზრებას უარყოფდა.
ვაშინგტონში "ბრუკინგსის ინსტიტუტში" "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" წარსულზე, მის მიღწევებზე და მომავალზე ისაუბრეს.
“პოლონეთში, ვფიქრობთ რომ ამ რეგიონში ჩართულობის მორალური ვალდებულება გვაქვს. ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში… გვაქვს მორალური ვალდებულება, რათა მეტი გავაკეთოთ და სხვებს დავეხმაროთ", - განაცხადა იან ჰოფმოკლმა, პოლონეთის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ელჩმა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკის" ნაწილია და საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსს, სომხეთს და აზერბაიჯანს აერთიანებს. პროგრამის მიზანი, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
„გვინდოდა ეს ქვეყნები უფრო ძლიერი გამხდარიყვნენ, გამოყენებინათ საკუთარი შესაძლებლობები და ეს ევროკავშირთან თანამშრომლობით განეხორციელებინათ. ჩვენს ეს დაპირებები შევასრულეთ“, - აღნიშნა აშშ-ში ევროკავშირის დესპანმა მაიკლ კურტისმა.
საქართველომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეგიდით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროგრამის მეშვეობით, საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცა.
"ბრუკინგსის ინსტიტუტში" შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ პროგრამის მომავალზე გაამახვილა ყურადღება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ დასაწყისში ჰქონდა ხედვა, ჰქონდა პოლიტიკური მიზნები, მან აჩვენა, რომ შეეძლო გარდაექმნა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო... როცა წარსულის 10 წლიან წარმატებულ თანამშრომლობას ვუყურებთ, ჩვენ წინ ვიყურებით, მომავალ 10 წელზე ვფიქრობთ და გვსურს ვიხილოთ მეტი პროგრესი... ამ საქმეში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხედვა, ვიყოთ გაბედულნი და გვქონდეს პოლიტიკური მიზნები და არ ვფოკუსირდეთ ზედმეტად ტექნიკურ ასპექტებზე", - თქვა მან.
2013 წელს უკრაინაში, საპროტესტო ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. დემონსტრაციები მაიდანზე რევოლუციით დასრულდა, რასაც რუსული აგრესია მოჰყვა.
„პუტინის რუსეთს აშინებს ის, რომ გარშემორტყმული იყოს დემოკრატიებით. რიტორიკულად რომ ვიკითხო, რატომ შეიჭრა ის უკრაინაში? - ამაზე პასუხი თქვენც იცით... რაც შეეხება ქართველების შეკითხვას გაფართოებაზე... მათ ვეტყოდი, არ დასვათ კითხვა და დაიწყოთ თეორიული ბრძოლა, როცა იცით, რომ ამ ბრძოლას წააგებთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველას აძლევს საშუალებას დაუახლოვდეს ევროპას. ისინი წარმატებული უნდა იყვნენ, დააგროვონ პოლიტიკური კაპიტალი, რომელსაც შემდეგ გამოიყენებენ გაფართოების მოსათხოვნად, როცა პოლიტიკური რეალობა შეიცვლება“, - ამბობს დენიელ ფრიდი, ამერიკის ყოფილი დიპლომატი.
ბრიუსელი ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ პროგრამა არ წარმოადგენს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საფრანგეთი ცდილობს ეს ასე დარჩეს და მკაფიოდ ითქვას, რომ პროგრამა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა არაა.
“ვფიქრობ, არსებობს გაუგებრობა იმაზე, თუ რას გულისხმობს საფრანგეთი. თუ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობები შეასრულე, ეს ევროპის კანონმდებლების (acquis communtare-ის) 70 პროცენტს მოიცავს. რას ნიშნავს ეს? მიიწევ წინ წევრობისკენ თუ არსად მიდიხარ? - ეს ნიშნავს, რომ შენ ევროპული სტანდარტებით მოქმედებ. ვერ იტყვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და სამეზობლო პოლიტიკა, გაფართოების პოლიტიკაა, თუმცა ამასთან ამას ვერც უარყოფ. ის გამზადებს იმ მომენტისთვის, როცა შენ და გაერთიანება დაიწყებთ საუბარს რაიმე განსხვავებულზე“, - ამბობს იან ჰოფმოკლი.
შეფასებას ეთანხმება შვედეთის ელჩიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ანა ვესტერჰოლმი.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ევროკავშირში გაწევრიანების იარაღი, თუმცა თუ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ეს ძალიან გამოსადეგია წევრობის გზაზე, თუ ქვეყანა ამას გადაწყვეტს“, - თქვა მან.
პროგრამამ საქართველოს შემთხვევაში მიზნებს მიაღწია. 10 წლის განმავლობაში, საქართველომ ინიციატივისგან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ყოველწლიურად, თბილისი ევროკავშირიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სასამართლო რეფორმის და პროექტებისა და პროგრამებისთვის დაახლოებით 100 მილიონ ევროს იღებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა გაგრძელდება და გაგრძელდება იმ მიმართულებებით, რომელსაც პარტნიორები ივნისში მომავალ სამიტზე შეთანხმდებიან... ვფიქრობ, ნაწილობრივ ვიხილავთ უფრო ღრმა სექტორულ თანამშრომლობას, უფრო დიდ ფოკუსს იმაზე, რასაც ადამიანების ცხოვრებაზე პირდაპირი გავლენა აქვს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებმა განსხვავება იგრძნონ. ჩვენ, უფრო მეტ ფოკუსს ვიხილავთ გარემოს დაცვაზე, ახალგაზრდებზე და ციფრულ დღის წესრიგზე", - ამბობს ვესტერჰოლმი.
ევროპელი ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს განიხილავენ. მარტში ისინი მის განახლებულ კონცეფციას წარმოადგენენ. ჯერ უცნობია, რამდენად ამბიციური იქნება განახლებული ინიციატივა.