გუშინ ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ევროპის პროგრამისა და საერთაშორისო ურთიერთობების პოლონური ინსტიტუტის ერთობლივი ეგიდით ამერიკა-პოლონეთის დიალოგის ფარგლებში გაიმართა ერთდღიანი სამეცნიერო სემინარი თემაზე „აღმოსავლეთის პარტნიორობა: შეუძლია თუ არა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ერთობლივი მოქმედება?“
უნდა აღინიშნოს, რომ სემინარზე ექსპერტთა და სახელმწიფო მოხელეთა საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი შეიკრიბა. ნატოს გაფართოების სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენ რასელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ნატოს გაფართოების მიმართ კვლავინდებურად იმ აზრის არის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარები ღია უნდა დარჩეს. მისი თქმით:
„შეერთებული შტატები ნატოს ყველა გადაწყვეტილებას ემხრობა. იმავდროულად ამ პროცესს მოთხოვნა ამოძრავებს და როცა ჩვენ ამ ქვეყნებს გადავხედავთ, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობები შეინიშნება. სპექტრის ერთ ბოლოს არის საქართველო, რომელიც ნატოში გაწევრიანებას მოუთმენლად ელის, ხოლო მეორე მხარეს კი უკრაინა, რომელსაც მართალია ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა აინტერესებს, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება ამჟამად არ სურს. ვფიქრობ აღმოსავლეთის პარტნიორობა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინიციატივა ამ ქვეყნებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციას ხელს უწყობს, რაც ფაქტობრივად ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება, თუ, რასაკვირველია, ამ სახელმწიფოებმა განვითარების ეს გზა აირჩიეს.“
ქართველებისთვის კარგად ცნობილმა შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური საკითხების მკლევარმა და ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში დევიდ კრამერმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა:
„თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ვმუშაობდი ადმინისტრაციაში, რომელიც მიშა სააკაშვილს აშკარად ემხრობოდა. ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს. არ არის დასამალი ისიც, რომ პრეზიდენტ ბუშსა და მას შორის ურთიერთობა ძალიან დადებითი იყო. ამდენად წინა ადმინისტრაციის დროს იმის თქმა, რომ ვაშინგტონი საქართველოში რომელიმე მხარეს უპირატესობას ანიჭებდა გაუმართლებელი როდი იყო, მაგრამ ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა და საქართველოს ლიდერების ერთ ნაწილს ამერიკისგან ყურადღება აკლიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში არა გარკვეულ ჯგუფებს უნდა ვემხრობოდეთ არამედ დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ხოლო რაც შეეხება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მე ჩემს პასუხს შემდეგნაირად ჩამოვაყალიბებდი - მე მათ ‘პუტინის მოდელის’ შემოღებას ნამდვილად არ ვურჩევდი.“
სემინარის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ბატონმა მიკოლაი დოვგილევიჩმა. მომავალ კვირას დაგეგმილი ახლახან ჩამოყალიბებული აღმოსავლეთის პარტნიორობის მეგობართა ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა, რომ ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ევროკომისია. შეხვედრაზე პოლონეთის მხარე ევროკომისიას აღმოსავლეთის პარტნიორობის მიერ დღემდე გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანაგრიშს ჩააბარებს.
„პოლონეთის მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ სფეროებზე, სადაც, ჩვენი აზრით, თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მაგალითად, სახელმწიფო საზღვრების გაკონტროლება, გარემოს დაცვის პროგრამები, და ენერგიის უფრო ეფექტური გამოყენება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სფეროებში შეერთებულ შტატებს უფრო მეტი გამოცდილება აქვს შეძენილი ვიდრე ევროკავშირის დაწესებულებებსა თუ წევრ სახელმწიფოებს. ვფიქრობ შეხვედრაზე უფრო კონცეპტუალური ხასიათის დისკუსია გაიმართება, რომელიც სამომავლო პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელებასა და დაგეგმვას შეეხება. აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ფინანსური რესურსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ამჟამად ევროკავშირის ბიუჯეტში ამ მიზნისთვის გამოყოფილა 350 მილიონი ევრო და დღემდე ევროკომისიის ბიუჯეტიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის საქმიანობაზე 30 მილიონ ევროზე ნაკლები დაიხარჯა,“ აღნიშნა დოვგილევიჩმა.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანამშრომელმა ჯეისონ ბრუდერმა თავის შენიშვნებში აქცენტი საქართველოზე გააკეთა. მისი თქმით:
„მე დღეს ყურადღება საგანგებოდ საქართველოზე გავამახვილე იმის გამო, რომ საქართველო წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს ქვეყნისა, რომელიც დემოკრატიის იდეას ძალიან დიდი ენთუზიაზმით უდგება. ოპოზიციას და ეროვნულ მოძრაობას საქართველოში დემოკრატია შეიძლება სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნამდვილად განსაცვიფრებელია თვით ის ფაქტი რომ დემოკრატიისადმი ლტოლვა საქართველოში დიდი ვნებათაღელვითა და ძალისხმევით გამოირჩევა.“
სემინარის დასკვნითი ნაწილი აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში მოლდოვაში არსებული მდგომარეობის განხილვას დაეთმო. თავის გამოსვლაში შეერთებულ შტატებში მოლდოვას ელჩმა იგორ მუნტეანუმ აღნიშნა:
„რაც შეეხება მოლდოვას აღმოსავლეთის პარტნიორობაში, მე მინდა მოგახსენოთ, რომ მოლდოვა ევროკავშირთან დიალოგისა და თანამშრომლობის წარმართვას ამ ფორმატით მიესალმება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის ორმაგი ფუნქციონირების მექანიზმი, რომელიც როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ თანამშრომლობას შეიცავს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მართალია ევროკავშირი საკუთარი გავლენის სფეროს დამყარებით არ არის დაინტერესებული, მას არ შეუძლია დაუთმოს სხვებს ამგვარი სფეროების შექმნა.“