ჯაზის სამყარომ დუკ ელინგტონის დაბადების დღე აღნიშნა

50 წლიანი კარიერის მანძილზე დუკ ელინგტონი 12-ჯერ გახდა გრემის პრემიის მფლობელი, ასევე მინიჭებული აქვს პულიცერის პრემია მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის
ჯაზის სამყარომ 29 აპრილს ლეგენდარული პიანისტის, კომპოზიტორის და ბენდის ლიდერის, დუკ ელნგტონის დაბადებიდან 115 წელი აღნიშნა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე ელინგტონმა ჯაზის ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ედვარდ კენედი ელინგტონი, რომელსაც ჯაზის სამყარო დუკ ელინგტონის სახელით იცნობს 1899 წლის 29 აპრილს ქალაქ ვაშინგტონში დაიბადა. ორივე მშობელი პიანისტი იყო და დუკმაც ფორტეპიანოზე დაკვრა 7 წლის ასაკში დაიწყო. ოჯახში მას დახვეწილ მანერებს და მოხდენილ ჩაცმას ასწავლიდნენ, რის გამოც მეგობრებმა დუკი შეარქვეს, რაც ჰერცოგს ნიშნავს.

პირველი კომპოზიცია „ Soda fountain rug” მან 14 წლის ასაკში შექმნა, თუმცა ნოტებზე გადატანა ვერ შეძლო იმის გამო, რომ ნოტების კითხვა და წერა მან ჯერ არ იცოდა. როგორც მუსიკოსი იხსენებს კომპოზიციას ის ზოგჯერ ვალსის, ზოგჯერ ტანგოს, სტეპის და ფოქსტროტის სტილში ასრულებდა და მსმენელი ვერასდროს ხვდებოდა რომ ელინგტონი ერთი და იგივე კომპოზიციას ასრულებდა. თავდაპირველად მუსკის გაკვეთილებს ელინგტონი სერიოზულად არ აღიქვამდა და ხშირად აცდენდა, რადგანაც თვლიდა, რომ ნიჭი არ ჰქონდა. მოგივანებით კი, ფრენკ ჰოლიდეის მოსმენის შემდეგ, მასში მუსიკოსობის სურვილმა გაიღვიძა. მან დაიწყო რეგთაიმის პიანისტების ყურება, მოსმენა და მათი იმიტაცია. მან დაიწყო ვაშინგტონში და მის შემოგარენში კაფეებსა და ღამის კლუბებში დაკვრა, თუმცა დღის განმავლობაში ის რამდენიმე ადგილას მუშაობდა. დრამერმა სონი გრირმა მას პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბება ურჩია. 1917 წელს დუკ ელინგტონმა პირველი ბენდი ჩამოაყალიბა.

პირველი საღამოს ანაზღურება კი 75 ცენტი გახლდათ. მალე დუკ ელინგტონს მიწვევა სხვადასხვა წვეულებებზე გახშირდა და ის საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა ელინგტონის პირველი ორკესტრი შედგებოდა მისი უახლოესი მეგობრებისგან - დრამერი სონი გრირი, საქსოფონისტი ოტო ჰარდვიკი, მესაყვირე არტურ უეტსოლი.

ნიუ-იორკში 1923 წელს დაარსდა ელინგტონის კვარტეტი The Washingtonians და რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, Kentucky Club-ში მუშაობის ჩათვლით, ჩამოყალიბდა ათკაციანი ორკესტრი, რომელმაც შეძლო დამკვიდრებულიყო პრესტიჟულ კლუბში Cotton Club. კლუბიდან რადიოთი ხდებოდა პროგრამების რეგულარული ტრანსლაცია და ამან მოუტანა ელინგტონს დიდი პოპულარობა.

ორკესტრში შემსრულებლების მიერ შეტანილი ღვაწლის შედეგად ორკესტრმა შექმნა რამდენიმე სპეციფიკური ხმოვანება, ხოლო ელინგტონს უწოდეს ნამდვილი პირველი ჯაზ-კომპოზიტორი. ელინგტონს წარმატება მოუტანა გასტროლებმა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, 1934 წელს ბენდმა იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 30-იანი წლების დასასრულს ორკესტრში იყო 15 მუსიკოსი. ორკესტრის წარმატებისთვის მისი მუსიკოსები განსაკუთრებულად მუშაობდნენ. ტრომბონისტმა ხუან ტიზოლმა შესთავაზა ისეთი თემები, როგორიც არის Caravan და Perdido, ხოლო პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი ბილი სტრეიჰორნი, როგორც ელინგტონი ამბობდა, მისი "მეორე მე” გახდა, რომელმაც შექმნა ბევრი არაჩვეულებრივი კომპოზიცია, მათ შორის Take ‘A’ Train.

ელინგტონის ორკესტრი ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც არ დაიშალა ჯაზში ბიბოპისა და სხვა თანამედროვე სტილების შემოსვლის შემდეგაც.

ელინგტონი იყო ბიგ-ბენდის სამაგლითო ლიდერი – ავტორიტეტული და დელიკატური, ამიტომაც მრავალი მუსიკოსი მასთან მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებოდა. გარკვეული ხნის განმავლობაში ორკესტრში უკრავდნენ ისეთი სოლისტები, როგორებიც არიან უებსტერი, კლარკ ტერი, კეტ ანდერსონი, საქსოფონისტი უილი სმიტი, დრამერები ლუი ბელონი და სემ ბუდიარდი.

50 წლიანი კარიერის მანძილზე დუკ ელინგტონი 12-ჯერ გახდა გრემის პრემიის მფლობელი, ასევე მინიჭებული აქვს პულიცერის პრემია მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის და პრეზიდენტის თავისუფლების მედალი. დღეს ვაშინგტონში დაარსებულია დუკ ელინგტონის ხელოვნების სკოლა, სადაც მომავალი ნიჭიერი თაობები იზრდებიან. ასევე ქალაქში არსებობს დუკ ელინგტონის ხიდი და პარკიც. 2009 წელს აშშ-ის მთავრობამ გამოუშვა მონეტები დუკ ელინგტონის გამოსახულებით.

ელინგტონი ჯაზის სამყაროში აღიარებულია როგორც ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი საულისჩამდგემლი. ის იყო არაჩვეულებრივი პიანისტი, არანჟირებების ავტორი, კომპოზიტორი, ორკესტრის ხელმძღვანელი, სვინგის დიადი წარმომადგენელი.