გაეროს ახალი ანგარიში ნარკოვითარებაზე

გაეროს ბოლო მონაცემების თანახმად, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება კოკაინის და სხვა უკანონო ნარკოტიკების როგორც წარმოება ასევე, მოხმარება. ეს კი ე.წ. „ნარკოტიკებთან ომის“ ფონზე ხდება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. დეტალებს შექმნილი ვითარების შესახებ „ამერიკის ხმის“ ლონდონელი კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.

ქალაქი ხუარესი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიმდინარე ანტინარკოტიკული ომის საფრონტო წერტილად ითვლება. მექსიკის ხელისუფლებამ აქ სულ ცოტა ხნის წინ დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღო, რომელიც ნარკობანდებისთვის იყო დანიშნული. მექსიკის მთავრობამ ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი 2006 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ მექსიკაში ამ ომის შედეგად 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ დასავლეთი ამ ომში მარცხდება. მოხსენების ავტორი ბრიტანეთის დაზვერვის იგივე მი-6-ის შეფის ყოფილი მოადგილე ნაიჯელ ინკესტერია.

„მექსიკაში ახლა ორი ომი მიმდინარეობს. პირველი ეს არის მთავრობას და ნარკოკარტელებს შორის და მეორე თავად ნარკოკარტელებს შორის. სხვა საკითხია ავღანეთი, სადაც ნარკოტიკები არ წარმოადგენს კონფლიქტის მიზეზს, რადგან კონფლიქტი იქ მანამდეც იყო, თუმცა ნარკოტიკები ამ კონფლიქტის ნაწილია,“ - ამბობს ინკესტერი.

ნატო და ავღანეთის ძალები ოპიუმის წარმოების წინააღმდეგ ახორციელებენ აქციებს და ამავდროულად ამბოხებულებსაც ებრძვიან. როგორც კოალიციის სარდლობა აცხადებს, ნარკომწარმოებლები და ამბოხებულები ერთი მედლის ორი მხარეა.

გაეროს შეფასებით, 2010 წელს ავღანეთში ოპიუმი 123 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული და მსოფლიოს მარაგის 60 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე ოპიუმის წარმოების 20 პროცენტით ბირმა იდგა.

„როდესაც წარმოებას ერთ ადგილზე კვლავ ის მეორე ადგილზე ჩნდება. იგივე მარშრუტირების პროცესშიც. როცა ერთ მარშრუტს დახურავ, მეორე ჩნდება,“ - ამბობს ინკესტერი.

გაეროს შეფასებით, ევროპაში ნარკოტრაფიკის ერთერთ მთავარ გზას დასავლეთ აფრიკა წარმოადგენს. ბოლო დოკუმენტის თანახმად, ევროპაში ბოლო ათი წლის მანძილზე კოკაინის მოხმარება გაორმაგდა. მთელ მსოფლიოში კი ნარკომანთა რაოდენობა 210 მილიონს აღწევს

ინკესტერი ამბობს, რომ ნარკოტიკების გლობალურ ქსელში უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება, რაც ნარკოტრაფიკთან ბრძოლას საკმაოდ ართულებს.