აშშ--მა რუსი ათლეტების მიერ დოპინგის გამოყენების გამოძიება დაიწყო

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ათლეტების მიერ დოპინგის გამოყენების გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, ათლეტების შესაძლებლობების მედიკამენტებით სტიმულირებას სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული პროგრამა უზრუნველყოფდა.

გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, ამერიკის პროკურორი ნიუ-იორკში სპორტსმენებს, რუს საჯარო მოხელეებს, დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ მომუშავე ოფიციალურ პირებს და სხვა მხარეებს გამოიძიებს, რომლებმაც სავარაუდოდ, დოპინგის სქემით ისარგებლეს.

ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გამოძიება დოქტორ გრიგორი როდჩენკოვის საქმიანობას იძიებს, რომელიც რუსეთში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ არსებული ლაბორატორიის დირექტორი იყო. მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტომ გასულ ნოემბერს როდჩენკოვი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამის ადმინისტრირებაში დაადანაშაულა.